ბელარუსში ორი ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავეს
ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, 17 –18 იანვარს, ბელარუსის შსს-ს კორუფციასთან და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, მინსკის აეროპორტში ორი ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი „გელა გალსკი“ და „სულიკო თბილისკი“ დააკავეს.
როგორც პრესსამსახურში განმარტავენ, შემოწმებისას გელა ქარდავამ მესაზღვრეებს სხვა პირზე გაცემული რუსეთის მოქალაქის პასპორტი წარუდგინა. დაკითხვისას მან საკუთარი კრიმინალური სტატუსი დაადასტურა და განმარტა, რომ რუსეთიდან ბელარუსის გავლით, სტამბოლში “კანონიერი ქურდების” შეკრებაზე მიდიოდა.
რაც შეეხება სულიკო შარიქაძეს, უწყების პრესცენტრის ცნობით, ქვეყანაში ისიც კანონდარღვევით, საიმიგრაციო წესების დაცვის გვერდის ავლით შევიდა.
„ის ბელარუსში რუსეთიდან ავტომობილით შემოვიდა, სადაც გასული წლის 7 დეკემბრამდე იარაღისა და ნარკოტიკების უკანონო შენახვის გამო იხდიდა სასჯელს“, – ნათქვამია ოფიციალურ ინფორმაციაში.