ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ყოფილი პროკურორი ალიბის საფუძველზე გაათავისუფლეს

0

სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ყოფილი პროკურორი გიორგი ჭანტურია ალიბის საფუძველზე გაათავისუფლეს.

როგორც სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე გათავისუფლებული ყოფილი პროკურორის ოჯახის წევრები აცხადებენ, გიორგი ჭანტურია ალიბის შედეგად გაათავისუფლეს.
საქმის მასალებში დევს გიორგი ჭანტურიას ალიბი, რომლის თანახმადაც იმ დროს, როცა სამსონ ქუთათელაძე მოკლეს, გიორგი ჭანტურია „საქართველოს ბანკში” იმყოფებოდა.

„ალიბი წარდგენილი იქნა საგამოძიებო უწყებაში, რის შემდეგაც მისი დაკავების საფუძველი აღარ არსებობდა“, – განაცხადა დაკავებულის დამ, მარიამ ჭანტურიამ.
მისივე განმარტებით, საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სერიოზული დავა იყო ბაზრის მეწილეებს შორის, სოსო ქუთათელაძეს კი ფინანსური ვალდებულებები გააჩნდა.
დაკავებულის მეუღლის, ანი ხურციას განცხადებით, საგამოძიებო უწყებას მათთან კითხვები აღარ აქვს. მისი თქმით, არც მის მამამთილს და არც მეუღლეს აღარავინ დაკავშირებია.
ანი ხურციამ 15:00 საათზე ბრიფინგი დააანონსა, რომელზეც გიორგი ჭანტურიას მეუღლე და ადვოკატი განცხადებას გააკეთებენ.
„მთავარია, რომ გიორგი თავისუფალია“, – განაცხადა ანი ხურციამ.
შსს-ს ინფორმაციით, სოსო ქუთათელაძის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში დაკავებული გიორგი ჭანტურია, ბრალის წარდგენის გარეშე, გუშინ გათავისუფლდა.
15 იანვარს, რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ტერიტორიაზე, ყოფილი დეპუტატი, გენერალი სოსო ქუთათელაძე საკუთარ კაბინეტში მოკლული იპოვეს.

კომენტარები

კომენტარი