რესტორანში მომხდარ ინციდენტში ბრალდებული, მომღერალი საბა სამუშიაა

გმირთა მოედანზე მდებარე რესტორანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებული მომღერალი საბა სამუშიაა. იგი გმირთა მოედანზე მდებარე ყოფილ “მატრიოშკაში” მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც ჩხუბი სუფრის წევრებს შორის მოხდა.

ინციდენტის დროს მან თანასუფრელები დაჭრა. სამართალდამცველებმა ის მაშინ დააკავეს, როდესაც რესტორანს ტოვებდა.

ცნობილია ისიც, რომ მომღერალი 120-ე მუხლით არის დაკავებული, რაც ჯანმრთელობის მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

მომღერლისთვის ბრალი ჯერ არ წაუყენებიათ. როგორც დაკავებულის ადვოკატმა ირმა შალამბერიძემ “ქრონიკას” განუცხადა ბრალის წაყენების ვადა დღეს საღამოს იწურება.

ადვოკატის თქმით, დაკავებული ექიმების ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება, რადგან სახეზე დაზიანებები აქვს, მკლავზე კი ნაკბენი, შესაბამისად, ბრალთან და ინციდენტთან დაკავშირებით გასაუბრება ვერ მოხერხდა და მისი პოზიცია უცნობია.

რესტორანში სამი ადამიანის დაჭრაში ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს. დაკავებული საბა სამუშია დათო კენჭიაშვილის ჯგუფის მუსიკოსია.
გმირთა მოედანზე დაჭრილი ახალგაზრდა კაცი ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე რჩება. მას ოპერაცია გამთენიისას ჩაუტარდა და დაზიანებები მარჯვენა ბარძაყზე და მარჯვენა წინამხარზე აღენიშნებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები