მეფუტკრეობის კოოპერატივებთან მორიგი შეხვედრა ბოლნისში ჩატარდა

0

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი მიშელაძემ ბოლნისში, ქვემო ქართლში მოქმედ მეფუტკრეობის კოოპერატივებსა და ფერმერებს, მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ერთიანი საწარმოო უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა  გააცნო.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია გორის მუნიციპალიტეტში თაფლის გადამამუშავებელი საწარმოს აშენება, რომელიც ბენეფიციარ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს საკუთრებაში  30% თანადაფინანსებით გადაეცემა, რომლის გადახდას, კოოპერატივი უზრუნველყოფს 8 წლის განმავლობაში.

დადგენილი კრიტერიუმებით, პროგრამაში მონაწილე კოოპერატივში  გაერთიანებული კოოპერატივების რაოდენობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 35 კოოპერატივს, რომელთაც  საკუთრებაში უნდა გააჩნდეთ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს მიერ აღრიცხული არანაკლებ  7000 სკა.

საწარმო აღიჭურვება თაფლის წარმოების სრული ციკლისათვის საჭირო თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი დანადგარებით, სადაც შესაძლებელი იქნება დღეში არანაკლებ ორი ტონა თაფლის მიღება,  გამუშავება, დასაწყობება და სხვადასხვა მოცულობით ჩამოსხმა, საწარმოში ასევე მოხდება  ფიჭის დამზადება.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის  გიორგი მიშელაძის განცხადებით,  მეფუტკრეებს სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის შედეგად  შესაძლებლობა მიეცემათ  თაფლის კოოოპერაციულ საწარმოში  გადაამუშაონ თაფლი და ერთიანი ბრენდის ქვეშ მოახდინონ რეალიზება როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე. საწარმოს მეპაიე წევრებს,  ასევე ექნებათ საშუალება აღნიშნულ საწარმოში მიიღონ მომსახურება და საკუთარი ბრენდის ქვეშ მოახდინონ თაფლის ჩამოსხმა და რეალიზება.

სახელმწიფო პროგრამის მიზანია მეფუტკრეობის, როგორც სოფლის მეურნეობის ეკონომიკურად ეფექტური და მზარდი საექსპორტო პოტენციალის მქონე დარგის განვითარება, დარგში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვით მეფუტკრეობის პროდუქციის წარმოების ზრდა და ხარისხის გაუმჯობესება, სოფლად მოსახლეობის დასაქმების და სიღარიბის დაძლევის ხელშეწყობა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობისა და გაძლიერების გზით.

კომენტარები

კომენტარი