ქუთაისელ „კანონიერ ქურდს“ რუსეთიდან დეპორტი ემუქრება
მოსკოვის პოლიციის მიერ დაკავებული გურამ ჩიხლაძის (კვეჟოევიჩი) რუსეთიდან დეპორტირება უახლოეს მომავალში იგეგმება. ქუთაისელი „კანონიერი ქურდი“ გურამ ჩიხლაძე მოსკოვში, ნაქირავებ ბინაში დააკავეს. მას ოფიციალურად განუცხადეს, რომ არალეგალი მიგრანტია, რის შემდეგაც დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.
რუსულ პორტალ „როსბალტზე“ განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, წყარომ ძალოვან უწყებას შეატყობინა, რომ 2018 წელს მოსკოვის „ზედმეტი კანონიერი ქურდებისგან“ წმენდა იგეგმება, რაც ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის გამართვას უკავშირდება.
თავის დროზე ჩიხლაძე ყოფილი „კანონიერი ქურდის“, დავით მელქაძის ( დათო ფოთელის) მკვლელობის გამო, ძებნაზე იყო გადაცემული, თუმცა მოგვიანებით, დანაშაული თავის თავზე სხვა პირმა აიღო.
2014 წელს, “პოდმოსკოვიეში” ყოფილი „კანონიერი ქურდი“ დათო ფოთელი ქილერმა მოკლა. სამართალდამცველებმა ეჭვი სწორედ ჩიხლაძეზე მიიტანეს. როგორც ირკვევა, მისი მამა, გავლენიანი „კანონიერი ქურდი“ და ქუთაისის მაფიოზური კლანის ლიდერი ავთანდილ ჩიხლაძე (კვეჟო) იყო. ჩიხლაძეები მოსკოვში, ლომონოსოვის გამზირზე ცხოვრობდნენ, ერთხელ კი, როცა გურამი ჯერ კიდევ ათი წლის იყო, მათთან ბინაში რამდენიმე მამაკაცი მივიდა. ავთანდილ ჩიხლაძესთან საუბრის შემდეგ, მათ ოჯახის უფროსი და მისი მეუღლე ჩაცხრილეს, ხოლო გურამი დაჭრეს. ბავშვის მიერ მიღებული შოკი იმდენად დიდი იყო, რომ მას არც მომხდარის დეტალები ახსოვდა და არც მკვლელები. სამართალდამცველებმა დანაშაული ვერ გახსნეს, თუმცა კრიმინალურმა სამყარომ ამ დანაშაულის ჩადენა მაშინვე ჩიხლაძის ახლო მეგობარ დავით მელქაძეს მიაწერა. მომხდარის შემდეგ, პატარა „კვეჟო“ ქუთაისური „კლანის“ ოჯახებში იზრდებოდა. ის ელგუჯა კუბლაშვილმა (გიჟუა) გაზარდა. უკვე 16 წლის ასაკში, უმცროსი ჩიხლაძე სამმა „კანონიერმა ქურდმა“ – ბადრი კოღუაშვილმა (ქუთაისსკი), გიორგი უგლავა (ტახი) და რამაზ ძნელაძემ „მონათლეს“. მოგვიანებით კი, ის „კრიმინალების გენერალ“ ედუარდ ასატრიანს დაუახლოვდა.
„როსბალტიის“ ინფორმაციით, მთელი ოცი წლის შემდეგ, მაშინ, როცა რუსული მაფიის „მეფის“ დედ ჰასანის მემკვიდრეობისთვის გარჩევები დაიწყო, უმცროს ჩიხლაძეს ქურდული სამყაროს ნაწილმა ის ფაქტი შეახსენა, რომ მან მშობლების მკვლელებს სამაგიერო არ გადაუხადა და არ დასაჯა. სწორედ ამის შემდეგ მოხდა დავით მელქაძის მკვლელობა, რომელიც იმ დროისთვის უკვე კანონმორჩილ ბიზნესმენად იყო ქცეული. კრიმინალურმა სამყარომ კი, ეს ვენდეტა, სწორედ „კვეჟოევიჩის“ აქტივს მიაწერა. ასევე ცნობილია, რომ ჩიხლაძეს წლების განმავლობაში რუსულ მართლმსაჯულებასთან, რეგისტრაციასთან და პასპორტთან დაკავშირებით, დავა ჰქონდა. მან ვერ დაამტკიცა, რომ 1992 წელს რუსეთში იმყოფებოდა, რაც იმის საფუძველი გახდა, რომ მისი მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი არ ჩაითვალა ვალიდურად.
ცნობილია, რომ ბოლო დროს ჩიხლაძე სომხურ მაფიასთან და ზაქრო კალაშოვთან დაახლოებულ „კანონიერ ქურდებთან“ მეგობრობდა.