„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” სასკოლო ღონისძებას გამართავს

ევროპის საგზაო უსაფრთხოების დღესთან დაკავშირებით “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” ევროპულ სკოლაში საგზაო უსაფრთხოებისადმი მიძღვნილ სასკოლო ღონისძიებას გამართავს. ღონისძიებაზე მე-4 და მე-5 კლასის მოსწავლეები მიწვეულ სტუმრებს ქუჩაში უსაფრთხოდ მოძრაობის წესებს უჩვენებენ.
ღონისძიების ორგანიზატორთა ინფორმაციით, დარბაზი მოეწყობა ქუჩის მსგავსად, სადაც განთავსებული იქნება საგზაო ნიშნები, შუქნიშანი და ზებრა გადასასვლელი. ღონისძიებას დაესწრება ევროკავშირის ელჩი საქართველოში ფილიპ დიმიტროვი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მედიისა და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები. ღონისძიება ტარდება „გზა დაუთმე ქვეითს!’’ კამპანიის ფარგლებში, რომელიც ოფიციალურად გაეროს საგზაო უსაფრთხოების აღნიშვნის დღეს – 23 აპრილს გაიხსნა.
“პროექტი მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე. გარდა ამისა, იმდენად, რამდენადაც მსოფლიო სტატისტიკური მონაცემებით, ახალგაზრდებში ავტოსაგზაო შემთხვევები დღესაც პირველ ადგილზეა, საგზაო უსაფრთხოების მნიშვნელობაზე მოზარდებთან – როგორც გზის მონაწილეებთან და მომავალ მძღოლებთან საუბარი, მათ კიდევ უფრო მეტად ინფორმირებულობას შეუწყობს ხელს.
ღონისძიების ფარგლებში ნაჩვენები იქნება ასევე ამ კამპანიისთვის შექმნილი ვიდეორგოლი, რომელიც ორივე მხარეს – მძღოლსაც და ქვეითსაც მოუწოდებს, პატივი სცენ ერთმანეთს და დაიცვან საგზაო უსაფრთხოების წესები. ღონისძიების დასასრულს გაიჭრება სპეციალურად ამ დღისთვის მომზადებული ტორტი, რომელიც მორთული იქნება საგზაო ნიშნებით. დარბაზის მოწყობას ქუჩის მსგავსად უზრუნველყოფს კომპანია “გზაჯვარედინი”, – აცხადებენ ორგანიზატორები.
ღონისძიება 13:00 სთ-ზე დაიწყება. მისამართი: თბილისი ალ. ყაზბეგის 34 გ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები