სალიტერატურო ალმანახ „ებგურის“ წარდგენა გაიმართება

 22 იანვარს, 18:00 საათზე, საქართველოს მწერალთა სახლში სალიტერატურო ალმანახ „ებგურის“ წარდგენა გაიმართება.
მწერლის, ფილოლოგიის დოქტორის მაია ჯალიაშვილის აზრით, ზუგდიდი, როგორც დიდი კულტურული ტრადიციების ევროპული ყაიდის ქალაქი, ყოველთვის აქტიურად მონაწილეობდა სალიტერატურო ცხოვრებაში. ახალი ალმანახიც, ორიგინალური და საგულისხმო სახელწოდებით „ებგური“, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს თანამედროვე ქართული ლიტერატურული ცხოვრების გამრავალფეროვნებაში.
„პირველ ნომერში დაბეჭდილი მასალა მოწმობს, რომ სამეგრელოში ნიჭიერი მწერლები ქმნიან დროის შესაბამისი სულისკვეთების მხატვრულ ტექსტებს, მათში მოჩანს როგორც ტრადიციების ერთგულება, ასევე ნოვატორული ძიებები, თამამი ექსპერიმენტები, წყურვილი ენის შენახვისა, დაცვისა და მისი ამოუწურავი შესაძლებლობების გამოვლინებისა. პოეზია, პროზა, თარგმანები, ესეები, მემუარები და სხვა ჟანრის ნაწარმოებები მოწმობენ იმ დიდ პოტენციალს, რომელიც არსებობს და რომელსაც გაზიარება სჭირდება. მკითხველთან დიალოგი კი უფრო მეტ სიცოცხლესა და ენერგიას შემატებს იმ ადამიანებს, რომლებიც ჟურნალის ინტელექტუალურ-ემოციურ სივრცეს ქმნიან.
დღეს არც ისე განებივრებულნი ვართ სალიტერატურო ჟურნალებით, ამიტომ სასიხარულოა ახალი ალმანახის დაარსება, რომელიც შემოიკრებს არა მხოლოდ სამეგრელოს, არამედ მთელი საქართველოს ნიჭიერ ადამიანებს, ძველსა და ახალ თაობას, შესაძლებლობას მისცემს მწერლებს, სიტყვის საშუალებით გამოხატონ თანამედროვე ტექნოკრატიულ სამყაროში გაუცხოებული ადამიანის ბედი, მისი ტკივილი და სიხარული. მკითხველიც, რომელიც „არა პურითა ხოლო ცხონდება“, არამედ სიტყვით, ლოგოსით, სიხარულით დაელოდება საზრდოს, რომელიც შემოქმედთა ხელით მიეწოდება. დარწმუნებულნი ვართ, ეს ჟურნალი თავის სათქმელს იტყვის, რადგან ვხედავთ მის გარშემო შემოკრებილ პროფესიონალ და პასუხისმგებლობით აღსავსე ადამიანებს, რომელთაც სურთ და შეუძლიათ კიდეც საქართველოს სულიერი ცხოვრების გაამდიდრება“, – აღნიშნავს მაია ჯალიაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები