„მთელ მსოფლიოში იმდენად მძლავრია ტერორისტული დაჯგუფებები, რომ შეუმჩნევლად ახერხებენ ერთი ქვეყნიდან მეორეში გადასვლას“

მთელ მსოფლიოში იმდენად მძლავრია ტერორისტული დაჯგუფებები, რომ ისინი შეუმჩნევლად ახერხებენ ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყანაში გადასვლას და განზრახვის სისრულეში მოყვანას – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა სოფო კილაძემ „იმედის” პირდაპირ ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ქართველი სამართალდამცველების ეფექტიანობა არის სწორედ იმაში, რომ ასეთმა ადამიანებმა ვერ შეძლეს საკუთარი ჩანაფიქრის სრულყოფაში მოყვანა.

„რა თქმა უნდა, საზოგადოებაში არის კითხვის ნიშნები თუ როგორ მოხვდა ახმედ ჩატაევი და მისი დაჯგუფება საქართველოში, თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან სპეციალური ბრიფინგი ჩატარდა, სადაც სწორედ ამ დეტალებზე გამახვილდა ყურადღება – არავინ არ მალავს იმას, რომ ახმედ ჩატაევი საქართველოში შემოვიდა ე.წ. მწვანე საზღვრიდან და აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სამწუხაროდ. ტერორიზმს იმხელა მხარდაჭერა აქვს დანაშაულებრივ წრეებში და მთელ მსოფლიოში იმდენად მძლავრია ტერორისტული დაჯგუფებები, რომ ისინი სამართალდამცველებისგან შეუმჩნევლად ახერხებენ ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყანაში გადასვლას და იქ თავიანთი მაქინაციური საქმიანობებით გარკვეულ შემთხვევებში შეუმჩნევლები რჩებიან, ეს არ ხდება მხოლოდ საქართველოში, ეს ყველა სხვა ქვეყანაში ხდება, სადაც განხორციელდა ტერაქტები, მაგალითად, საფრანგეთში, ესპანეთში, თვით ამერიკის შეერთებული შტატებში, ბელგიაში და უამრავ სხვა ქვეყანაში, რომლებიც ტერორისტების სამიზნე გახდნენ. ჩვენი სამართალდამცველების ეფექტიანობა არის სწორედ იმაში, რომ ამ ასეთმა ადამიანებმა ვერ შეძლეს საკუთარი განზრახვის სრულყოფაში მოყვანა. ჩვენ ავიცილეთ ტერაქტი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საქართველოს ფარგლებს გარეთაც, სწორედ ჩვენი სამართალდამცავების ეფექტიანი მოქმედებითა და სტრატეგიული პარტნიორების დიდი ძალისხმევით. ჩვენ ვნახეთ ჩატაევმა და მისმა დაჯუფებამ როგორი წინააღმდეგობა გაუწია ჩვენს სამართალდამცველებს. სამწუხაროდ. დაიღუპა ერთი სპეცრაზმელი და დაიჭრა 4, თეორიულად წარმოვიდგინოთ მათ სისრულეში რომ მოეყვანათ ის, რასაც ამზადებდნენ, რა დიდ ტრაგედიას მივიღებდით ქვეყანაში?! „ – აღნიშნა სოფო კილაძემ.

დეპუტატი თვლის, რომ სპეცოპერაციების საკითხებზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან, მეტი დეტალის გასაჯაროება მართებული არ იქნება, რადგან გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

„ჩატაევის დაჯგუფების შემთხვევის შემდეგ, რამდენიმე სპეცოპერაცია კიდევ ჩატარდა – ეს მთელი ჯაჭვი კიდევ მიმდინარეობს და არ დასრულებულა, ამიტომ ვფიქრობ, რომ ქვეყნისა და ადამინის უფლებების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, საზოგადოებისთვის მეტი დეტალური ინფორმაციის მიწოდება უფრო დამაზიანებელი იქნება. ამ ინფორმაციებს მხოლოდ მშვიდობიანი მოქალაქეები არ ადევნებენ თვალ–ყურს, მას უსმენენ დანაშაულებრივი წრეები და შეიძლება დეტალების გავრცელება საფრთხის შემცველი იყოს“, –აღნიშნა დეპუტატმა.

რაც შეეხება იმ საკითხს, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლების ნაწილმა უკვე დაიწყო სირიის დატოვება და მათ შორის, იწყება კავკასიიდან რეკრუტირებულების დაბრუნების პროცესიც, სოფო კილაძე აცხადებს, რომ ქართული სპეცსამსახურები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ აღნიშნული რისკების გამო, სავარაუდო საფრთხე, აღკვეთილი იქნას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები