„ავსტრიის შს მინისტრის განცხადებამაც დაადასტურა, რომ მაჩალიკაშვილი ნამდვილად იყო ჩართული ტერორისტულ საქმიანობაში“

ავსტრიის შს მინისტრის მიერ გაკეთებულ განმარტებას, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის ქვეყანაში სამკურნალოდ შეშვებაზე უარი მათ, უსაფრთხოების გამო თქვეს, დეპუტატი სოფო კილაძე გამოეხმაურა.

როგორც დეპუტატმა „იმედის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა, აღნიშნული განცხადებით დადასტურდა, რომ მაჩალიკაშვილი ნამდვილად იყო ჩართული ტერორისტულ საქმიანობაში და ამას მხოლოდ ქართული მხარე არ ადასტურებს.

კილაძემ ოპოზიცია და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, აღნიშნულ საკითხზე ბოლო დროს გაკეთებული განცხადებების გამო გააკრიტიკა.

„სამწუხაროდ, დიდი მითქმა–მოთქმაა ატეხილი იმაზე, რომ მაჩალიკაშვილს არ გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება და რაღაც სამართალდარღვევას ჰქონდა მის მიმართ ადგილი, პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ დღეს ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრმა გაავრცელა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მათ შეგნებულად თქვეს უარი მაჩალიკაშვილის მიღებასა და სამედიცინო დახმარებაზე იმიტომ, რომ ეს დააზიანებდა არამხოლოდ ქვეყნის გარე, არამედ შიდა უსაფრთხოების ინტერესებსაც – ეს ძალიან ბევრ რამეზე მიანიშნებს და ძალიან მიკვირს იმ არასამთავრობო ორგანიზაციების, რომლებიც ხშირ შემთხვევაში, უპასუხისმგებლო განცხადებებს აკეთებენ და ძალიან მიკვირს პირველ რიგში ოპოზიციის. როდესაც ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრი სამედიცინო დახმარების აღმოჩენაზეც კი უარს ამბობს კონკრეტულ ადამიანთან მიმართებით. მე მგონი აქ ნამდვილად არის საფუძველი ითქვას, რომ: სამწუხაროდ ეს გარდაცვლილი ახალგაზრდა ნამდვილად იყო ჩართული ტერორისტულ საქმიანობაში და ამას არ ამბობენ მხოლოდ ქართული სპეცსამსახურები, ამას ერთ–ერთი განვითარებული და დემოკრატიული, მისაბაძი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრიც კი ამბობს“ – განაცხადა სოფო კილაძემ.

ავსტრიის შს მინისტრის, ჰერბერტ კიკლის განმარტებით, ტერორისტის პოტენციური დამხმარის ქვეყანაში შეშვებაზე უარი, უსაფრთხოების გამო თქვეს.

„ჩვენ ვგრძნობდით, რომ ავსტრიაში ტერორიზმში ეჭვმიტანილის ჩამოსვლა, ძალიან სარისკო იყო. ვენაში მაჩალიკაშვილის მკურნალობა ავსტრიის შიდა უსაფრთხოებისთვის დიდი საფრთხე იქნებოდა“, – აღნიშნა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები