კინოთეატრ ,,ამირანში” ფილმის ,,სად იწყება სიკეთე“ პრემიერა გაიმართა

კინოთეატრ „ამირანში” ფილმის „სად იწყება სიკეთე” პრემიერა დღეს გაიმართა.

საახალწლო მხატვრულ-ანიმაციური ფილმი “სად იწყება სიკეთე…” სტუდია “პლანეტა კრეატივისა” და საქართველოს საპატრიარქოს მხარდაჭერით, სრულიად საქართველოს კათოლოკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით გადაიღეს.

ფილმში მთავარი მოქმედი გმირია სანდრო პაპა, რომლის როლსაც ზურაბ ყიფშიძე ასრულებს. ის მოხუცი ბაბუაა, რომელიც სოფელში ცხოვრობს და ცდილობს სოფლის ბავშვებს მისცეს ცოდნა, გაუზიაროს ისეთი ცხოვრებისეული გამოცდილება, რომელსაც წიგნებში ვერ ამოიკითხავენ. სანდრო პაპა უხუცესია, რომელმაც საკუთარ თავზე აიღო სოფელში ახალი თაობის აღზრდა და განათლება. ფილმში სანდრო პაპა ბავშვებს წმინდა ნიკოლოზზე ესაუბრება, უყვება მის სასწაულებზე, სიკეთეზე, რწმენაზე…

ზურა ყიფშიძის გარდა, ფილმში მაია გელოვანი, როლანდ ოქროპირიძე და სამსახიობო სტუდიის ბავშვები მონაწილეობენ. წმინდა ნიკოლოზის შესახებ ამბები კი, ანიმაციითაა გაცოცხლებული, რომელსაც თავად ზურა ყიფშიძის ხმა ადევს.

ფილმს მთლიანად უწმინდესის მუსიკა აფორმებს, რაც საქართველოში უპრეცედენტო მოვლენაა. ფილმის რეჟისორი გიორგი კიკალეიშვილია, სცენარი ნიკოლოზ წულუკიძეს ეკუთვნის. აღსანიშნავია ისიც, რომ ფილმის მთავარი პროდიუსერები და პროექტის სულის ჩამდგმელები აბდულა აჰმად ჰასსოუნა, ადელ ჰასსოუნა და ომარ ჰასსოუნა არიან. მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ არიან ქრისტიანები, მხარს უჭერენ და გულშემატკივრობენ საქართველოში ასეთი პროექტის წარმატებით განხორციელებას.

ფილმი საქართველოს ოქროს ფონდში შევა, რადგან მსოფლიოში პირველი შემთხვევაა, როდესაც შეიქმნა მხატვრული ფილმი წმინდა ნიკოლოზზე, ამიტომაც ფილმი აერთიანებს ყველას, ვისაც სჯერა სიკეთის და სიყვარულის… ღმერთი სიყვარული არს!

პრემიერას საპატიო სტუმრები საქართველოს საპატრიარქოდან, მთავრობისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ფილმის ჩვენების შემდეგ, წმინდა ნიკოლოზის ხატები და წმინდა ბასილის კვერები დარიგდა, რომელსაც ფილმში ბავშვები ხალისით აცხობენ.

პრემიერაზე საშობაო საგალობელი დავით არჩვაძემ და ლიზა ჩიჩუამ იმღერეს. “საქართველოო ლამაზო” კი ირაკლი ფირცხალავამ შეასრულა. საჩუქრები დაურიგდათ შშმ ბავშვებსა და მიუსაფარ პატარებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები