ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატი: მომხდარი ტრაგედია ტერორიზმის შედეგია, რომელსაც ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი რეაქცია

ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატის გელა სამხარაულის განცხადებით, 19 წლის ახალგაზრდის გარდაცვალება არ არის მხოლოდ ოჯახის ტრაგედია, ზოგადი თვალსაზრისით, ეს საზოგადოების და ქვეყნის ტრაგედიაა.

“19 წლის ახალგაზრდის გარდაცვალება არ არის მხოლოდ ოჯახის ტრაგედია, ზოგადი თვალსაზრისით, ეს საზოგადოების და ქვეყნის ტრაგედიაა. გულწრფელად ვწუხვარ და ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს.
სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა დაჭრილის სიცოცხლის გადასარჩენად. მჯერა, ახლაც ყველა სტრუქტურის ძალისხმევა მიმართული იქნება იქეთკენ, რომ საქმესთან დაკავშირებულ ყველა კითხვას მალევე გაეცეს დასაბუთებული და ამომწურავი პასუხი. ამ ეტაპზე ყველამ უნდა გამოიჩინოს მეტი სიფრთხილე და კეთილგონიერება. ნუ გაცდებით ადამიანურ ჰუმანურ ჩარჩოს, არ შეიძლება ოჯახის ტრაგედია აქციო პოლიტიკური სპეკულირების საგნად. გამოძიების დასრულებამდე გაკეთებული ყველა ასეთი განცხადება აზიანებს სახელმწიფო ინტერესებს, რომლის დაცვის ნაწილში სახელმწიფო და საზოგადოებრივი აზრი უნდა იყოს სრულ თანხვედრაში”, – განაცხადა სამხარაულმა.

მისივე თქმით, მომხდარი ტრაგედია ტერორიზმის შედეგია, რომელსაც ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი რეაქცია.

“დღეს ჩვენი ქვეყანა ებრძვის ტერორიზმს. ამ უმძიმესი საფრთხის ნებისმიერი სახით გამოვლინებას ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი რეაქცია, ისევ ქვეყნის და მოსახლეობის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე”, განაცხადა დეპუტატმა.

შეგახსენებთ, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაიჭრა და 10 იანვარს გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები