„შინდისის“ ქართული პრემიერა, სავარაუდოდ, 8 აგვისტოს დაღუპული გმირების მემორიალთან შედგება
მხატვრული ფილმის -„შინდისის“ პრემიერა სიმბოლურად აგვისტოს ომის მეათე წლისთავზე იგეგმება.
ფილმის იდეის ავტორისა და პროდიუსერის ედმონდ მინაშვილის ინფორმაციით, სოფელ შინდისში, დაღუპული გმირების მემორიალთან, პრემიერა, სავარაუდოდ, 2018 წლის 8 აგვისტოს შედგება.
„შინდისის“ გადაღებები სექტემბერში გორთან ახლოს, სოფელ ორთაშენში დაიწყო.
ფილმში მთავარ როლებს გოგა პიპინაშვილი და ამერიკაში მოღვაწე ქართველი მსახიობი დათო ბახტაძე ასრულებენ. სცენარის ავტორია ირაკლი სოლომონაშვილი. ფილმზე გერმანიიდან მოწვეულმა რეჟისორმა დიტო ცინცაძემ იმუშავა.
როგორც ედმონდ მინაშვილი განმარტავს, ფილმის გადასაღებად მილიონ ლარზე მეტია დახარჯული, თუმცა ეს საკმარისი არ არის.„შინდისის“ გადაღებებისთვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 801 384 ლარი გამოიყო. ამჟამად სამონტაჟო სამუშაო დაიწყო, საჭიროა კიდევ დამატებითი სახსრების მოძიება.
ფილმი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში რეალურად განვითარებულ მოვლენებს ეყრდნობა. სოფელ შინდისთან დაღუპული 17 სამხედრო მოსამსახურის ისტორიაზე სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის გადაღების იდეა ედმონდ მინაშვილს ეკუთვნის.
პროექტის ფარგლებში უკვე 2 სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი გადაღებულია, რამდენიმე ეტაპი გაიწერა – დოკუმენტური ფილმები, ტაძრის, მემორიალის მშენებლობა, ასევე – ქანდაკებაზე მუშაობა, რომელიც კეთდება (ბრინჯაოს მონუმენტი 17 გმირის პორტრეტული გამოსახულებით). პროექტის ბოლო ეტაპი მხატვრული ფილმია, რომლითაც ქართველი მებრძოლების გმირობა მსოფლიომ უნდა ნახოს.
მემორიალის თაობაზე ედმონდ მინაშვილმა ცოტა ხნის წინ სტატუსიც გაავრცელა, სადაც აღნიშნავდა, რომ უსახსრობის გამო მუშაობა ფერხდებოდა:
„გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში, 2008 წლის 11 აგვისტოს, ბრძოლის ველზე გმირულად დაცემული ჩვიდმეტი ქართველი მებრძოლის პორტრეტული მონუმენტი, სიმაღლე ჩვიდმეტი მეტრი, ბრინჯაო, 22 ტონა…
მერვე წელი დაიწყო, რაც ეს პროექტი დავიწყეთ და მიზერული თანხებით მოხერხდა პირველი ეტაპის დასრულება. მოქანდაკე ნუგზარ ჭავჭავაძე, აბსოლუტურად მარტო ატარებს ურთულეს სამუშაოებს, უსახსრობის გამო პროცესი შეჩერებულია, სამწუხაროდ… არადა, ძალიან გვინდოდა, რომ 2018 წელს მაინც გაგვეხსნა ხელოვნების ეს უნიკალური ნიმუში სოფელ შინდისში, გმირების სახელზე აგებული ტაძრის ეზოში, სადაც 2008 წელს დაიწერა ისტორიის უმნიშვნელოვანესი ფურცელი…
ასევე, მხატვრული ფილმის „შინდისის“ ქართულ პრემიერას ვგეგმავთ გმირების სისხლით გაჟღეთილ მიწაზე, ზუსტად ათი წლის თავზე, 8 აგვისტოს, კარგი იქნებოდა იმავე დღეს სიმბოლურად გაგვეხსნა გმირების მონუმენტიც, სამწუხაროდ, უსახსრობის გამო ვერ ვაგრძელებთ სამუშაოებს, არადა ზუსტად სამ თვეში შეიძლება დასრულება“… – წერს მინაშვილი.