გიორგი გაგოშიძის სოლოგამოფენა 11 თებერვლამდე გაგრძელდება

  გიორგი გაგოშიძის 2016-17 წლებში შესრულებული ნამუშევრების გამოფენა  Project ArtBeat-ის გალერეის ახალ სივრცეში 9 იანვრიდან 10 თებერვლის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.
გამოფენის ორგანიზატორების თქმით, გაგოშიძის სოლოგამოფენა ასახავს ხელოვანის შემოქმედების ტრანსფორმაციას ლანდშაფტური პეიზაჟებიდან აბსტრაქტულ კომპოზიციებამდე. 2015 წლამდე მხატვრის შემოქმედება შთაგონებულია ბუნების ფორმებით და მის ნამუშევრებშიც მთიანი ლანდშაფტური პეიზაჟები დომინირებს, გარემოს რეალური სახე განზოგადებულია და აბსტრაქციას უახლოვდება. მოგვიანებით, არტისტი აბსტრაქციასა და პეიზაჟს შორის საზღვრის კვლევას იწყებს. კონტრასტული ფერადოვანი ლაქები და სიბრტყისა და ხაზის მონაცვლეობით, რიტმულად განლაგებული მომრგვალებული ფორმები ხან მთებთან ასოცირდება, ხან კი უბრალოდ აბსტრაქტულ, ესთეტურ შეხამებად აღიქმება.
გაგოშიძე ფაქტურული ზედაპირის მისაღწევად ინტენსიურ, ნათელ ფერებსა და სხვადასხვა მასალას მიმართავს: თუ მხატვარი ტილოზე ზეთის საღებავით მუშაობს, ქაღალდზე შესრულებულ ნამუშევრებში აკვარელს, აკრილს, ტემპერას, ფანქარსა და არატრადიციულ მასალებს იყენებს. სხვადასხვა ფაქტურის ერთობლიობა ერთ ნამუშევარში მხატვრის შემოქმედებას გამორჩეულ ხასიათს ანიჭებს.

გიორგი გაგოშიძე ცხოვრობს და მუშაობს თბილისში. 2002-07 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში.

პერსონალური და ჯგუფური გამოფენები:
2017– სოლო გამოფენა, Project ArtBeat, თბილისი, საქართველო; პეკინის საერთაშორისო ხელოვნების ბიენალე, პეკინი, ჩინეთი; ახალი საგამოფენო სივრცის გახსნა, Project ArtBeat, თბილისი, საქართველო; 2016- ბაია გალერეა, თბილისი, საქართველო; 2015- Inner Mountains, უჟუპისის არტ ინკუბატორი; გალერა, ვილნიუსი, ლიტვა; 2012 – გალერეა ვერნისაჟი, თბილისი, საქართველო; 2010 – ღია გალერეა, ფონდი ღია საზოგადოება საქართველო, თბილისი, საქართველო; 2009 – გალერეა ვერნისაჟი, თბილისი, საქართველო; 2007 – გალერეა ვერნისაჟი, თბილისი, საქართველო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები