დაინტერესებული პირები პარლამენტისთვის პეტიციის ელექტრონული ფორმით წარდგენას შეძლებენ

დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ, პეტიცია პარლამენტის ვებ-გვერდზე ელექტრონულად შეავსონ და ელექტრონული ფორმით წარადგინონ. გარდა ამისა, შესაძლებელი ხდება, ამომრჩევლის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის განხორციელების დროს, ხელმოწერების ელექტრონულად შეგროვება.
შესაბამისი მექანიზმი პარლამენტის რეგლამენტში იქნება გაწერილი, რომელიც დეპუტატების: გიორგი კახიანის, ეკა ბესელიასა და ირინა ფრუიძის მიერ უკვე ინიცირებულია.
მოქმედი კანონმდებლობით, მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, პეტიცია პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე წერილობითი ფორმით შეიტანონ, თუმცა პარლამენტის რეგლამენტი პეტიციის ელექტრონული ფორმით წარდგენის შესაძლებლობას არ ითვალისწინებს. ანალოგიურად, მხოლოდ ფურცელზე შევსებული ხელმოწერების (30 000 ხელმოწერა) საფუძველზე ხდება საინიციატივო ჯგუფის მიერ პარლამენტში კანონპროექტის ინიცირება.
კანონპროექტის ინიციატორთა განმარტებით, ცვლილებების მიზანია, OGP-ის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება და კანონშემოქმედებით პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის მაღალი სტანდარტის დანერგვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები