ირაკლი კობახიძე: სააკაშვილის მიერ გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებული პირების შეწყალება უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების კლასიკური მაგალითია

სააკაშვილის მიერ გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებული პირების შეწყალება უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების კლასიკური მაგალითია,-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ გირგვლიანის საქმეზე ექსპრეზიდენტის გამამტყუნებელ განაჩენზე გაკეთებული კომენტარის შეფასებისას განაცხადა.

“ამ განაჩენთან დაკავშირებით მოვისმინეთ სხვადასხვა შეფასებები, მათ შორის პოლიტიკური.

ცალსახად შეიძლება ითქვას ერთი რამ, ყველა კონსტიტუციურ ორგანოს ენიჭება უფლებამოსილებები კონსტიტუციით და კანონმდებლობით, ყველა ორგანო მოქმედებს თავისი უფლებამოსილებიდან გამომდინარე, თუმცა არავის აქვს იმის უფლება, რომ ბოროტად გამოიყენოს თავისი უფლებამოსილებები.

რაც შეეხება კონკრეტულად შეწყალებას, შეწყალების დროს პრეზიდენტს აქვს ძალიან ფართო დისკრეცია, თუმცა ეს დისკრეცია არ არის შეუზღუდავი და ეს დისკრეცია არ მოიცავს იმის უფლებას, რომ პრეზიდენტი გაურიგდეს კონრეტულ დამნაშავეებს და გარიგების საფუძველზე შეიწყალოს ისინი, ეს არის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების კლასიკური მაგალითი, რაც დაადგინა ფაქტების დონეზე სასამართლომ, შესაბამისად განაჩენი კითხვებს არ იწვევს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი მარგველაშვილმა გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის განაჩენთან დაკავშირებით თქვა, რომ შემაშფოთებელია პროკურატურის მიერ დევნის საფუძვლად შეწყალების შესახებ უფლების კონსტიტუციური მუხლის გამოყენება.

მოსამართლე გიორგი არევაძემ სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო. სასჯელის სახით სასამართლომ სააკაშვილს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამნისტიით მას სასჯელი 1/4-ით, 3 წლამდე შეუმცირა.

ეს პირველი განაჩენია, რომელიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიმართ დადგა. პროკურატურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის უკრაინიდან ექსტრადიციას მოითხოვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები