ვანო ზარდიაშვილი: ვთვლი, რომ ანა დოლიძე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პოლიტიკურ ასპექტებს შეიტანს

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი თვლის, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრად დანიშნული ანა დოლიძე, საბჭოში პოლიტიკური ელემენტების შეტანას შეეცდება და რეალურად იგი მართლმსაჯულების ინტერესებიდან არ ამოვა.
როგორც ზარდიაშვილმა „კვირასთან“ საუბარში განაცხადა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი პოლიტიკური ზეგავლენებისგან დაცლილი უნდა იყოს და სასამართლო ხელისუფლების ინტერესების გათვალისწინებით უნდა მოქმედებდეს.
„გულწრფელად ვისურვებდი, რომ ანა დოლიძემ მოახერხოს, რომ პოლიტიკისგან დაცლილი შევიდეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, რეალურად ამოვიდეს სასამართლო ხელისუფლების, საზოგადოების, მართლმსაჯულების ინტერესებიდან და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პოლიტიკური ასპექტები არ შეიტანოს, თუმცა ამ ყველაფერში გულწრფელად მეპარება ეჭვი იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მან რამდენიმე დღის წინ სააკაშვილის ცხრაწლიან მმართველობაში სააკაშვილი ჭანჭიკად მოიხსენია. ალბათ შინაგანად მას სჯერა, რომ გიორგი მარგველაშვილი ამ ოთხი წლის განმავლობაში დევ–გმირია, რომელიც ქვეყანას ძალიან პოზიტიურად მართავს. ამ ძალიან მარტივი მაგალითიდან ჩვენ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ იგი აუცილებლად პოლიტიკური ხასიათით შევა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. აღსანიშნავია, რომ საბჭოს წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმაც, რომელმაც შიგნიდან ნახა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სპეციფიკა, სწორად მიუთითა, რომ საბჭოს წევრი პოლიტიკური ზეგავლენებისგან დაცლილი უნდა იყოს და ემსახუროს მხოლოდ მართლმსაჯულებას. აღსანიშნავია კიდევ ერთი გარემოება, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თავად მუდმივად მიგვითითებს კონკურსებისკენ, გამჭვირვალეობისკენ და შერჩევის სწორი კრიტერიუმებისკენ. ჩვენ ახლა ვიხილეთ, რომ ანა დოლიძე ყველანაირი კონკურსის გარეშე შეირჩა, მოკლედ რომ ვთქვათ, უნდა იყო მარგველაშვილის ადმინისტრაციის წევრი, რომ მან სადმე დაგნიშნოს. იგი, უბრალოდ, არ აღიარებს ქვეყანაში არსებულ სხვა წარმატებულ, ღირსეულ იურისტებს და ყველაზე ჭკვიანი იურისტი ის ჰგონია, ვინც მასთან მუშაობს, შესაბამისად, მას მუდმივად სუბიექტური დამოკიდებულება აქვს“, –განუცხადა „კვირას“ ზარდიაშვილმა.
დეპუტატი მწვავედ აკრიტიკებს ანა დოლიძის მიერ დასახელებულ პრიორიტეტებს, რომლითაც ის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობისას იხელმძღვანელებს.
„ანა დოლიძის მიერ დასახელებულ პრიორიტეტებზე საერთოდ გამეცინა, ანა დოლიძე საუბრობს მართლმსაჯულების და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გამჭვირვალეობაზე, რაც დადასტურებულად ვიცით ყველამ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყველა სხდომა მიმდინარეობს ღიად, პირდაპირ ეთერში, მას ესწრება ყველა არასამთავრობო, დონორი ორგანიზაციის წარმომადგენელი და ყველა მოქალაქე, ვისაც სურვილი აქვს – ამაზე მეტი გამჭვირვალეობა რა უნდა იყოს?! ბედნიერები უნდა ვიყოთ, რომ მეტ პრობლემას ვერ ხედავს ის და გამჭვირვალესაც არაგამჭვირვალეს უწოდებს. ანა დოლიძეს შეუძლია დაისახოს სხვა ისეთი მიზნები, რომლებიც რეალურად აწუხებს მართლმსაჯულებას, ესენია გაჭიანურებული საქმეები, მოსამართლეების სიმცირე, დარბაზების არ ქონა, სასამართლოს აპარატში ძალიან დაბალი ხელფასები – ჩემი აზრით, სწორედ ეს არის პრიორიტეტები „ – აღნიშნა დეპუტატმა.
რაც შეეხება ვახტანგ მჭედლიშვილს, რომელიც ანა დოლიძემ ჩაანაცვლა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, ზარდიაშვილი ამბობს, რომ მჭედლიშვილი მუდმივად დაკავებული იყო პოლიტიკური მესიჯების გაჟღერებით.
„მივმართავ საზოგადოებას – ოდესმე თუ გინახავთ ან მოგისმენიათ ვახტანგ მჭედლიშვილის მხრიდან წამოსული პოზიტიური, საქმიანი ინიციატივა ან რაიმე შედეგი?! ასეთ შემთხვევაში მის მოღვაწეობას შევაფასებდი დადებითად, მაგრამ მსგავსი არაფერი მინახავს, იგი მუდმივად დაკავებული იყო პოლიტიკური მესიჯების გაჟღერებით, მუდმივად იყო არაკვალიფიციური, შესაბამისად მის საქმიანობას დადებითად ვერ შევაფასებ“ ,– აღნიშნა ვანო ზარდიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე ანა დოლიძე დანიშნა. აღნიშნულ პოსტზე ის საბჭოს არამოსამართლე წევრ ვახტანგ მჭედლიშვილს შეცვლის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები