ანა დოლიძე: ჩემი მთავარი ამოცანაა, სასამართლომ დროული და ხარისხიანი მომსახურება გასწიოს

“ამ შენობაში გატარებული ყოველი დღე, საქართველოს პრეზიდენტთან მუშაობისას, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ჩემს კოლეგებთან მუშაობისას, გამორჩეულად დამამახსოვრდება“ – აცხადებს პრეზიდენტის საპარლამენტო ყოფილი მდივანი ანა დოლიძე და გიორგი მარგველაშვილს მადლობას უხდის იმ პატივისთვის, რასაც ჰქვია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, მანამდე კი საპარლამენტო მდივნად დანიშვნა.
“ამ შენობაში გატარებული ყოველი დღე, საქართველოს პრეზიდენტთან მუშაობისას, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ჩემს კოლეგებთან მუშაობისას, გამორჩეულად დამამახსოვრდება. რაც შეეხება მომავალს, ეს არის დიდი პრივილეგია. მე მოგახსენებთ იმ სამ ამოცანას, რაც ჩემს ყველაზე მთავარ ამოცანად მიმაჩნია: მოგეხსენებათ, სასამართლო ხელისუფლების ფუნქცია არის ეფექტიანი და ხარისხიანი მართლმსაჯულების უზრუნველყოფა. ამ მხრივ, ჩვენი ბევრი მოქალაქე ყოველდღე ელოდება გადაწყვეტილებას სასამართლოებიდან და ეს ლოდინი ხშირად თვეები და წლებიც გრძელდება. საქმეთა გაჭიანურება არის ძალიან დიდი სისტემური პრობლემა, აქედან გამომდინარე, ჩემი მთავარი ამოცანა იქნება, რომ სასამართლომ გასწიოს ისეთი მომსახურება, რომელიც იქნება დროული და ხარისხიანი; მეორე ამოცანა უკავშირდება პრეზიდენტის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს და სასამართლო ხელისუფლების, კონკრეტულად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ ნდობის ამაღლებას, რომელიც პირველ რიგში მისი გახსნილობით და ხალხის წინაშე ანგარიშვალდებულებით უნდა მოხდეს. საბჭოს დღეს აკრიტიკებენ, რომ ხშირად არ არის შესაბამისად გახსნილი და ანგარიშვალდებული და ჩემი მეორე ამოცანა უნდა იყოს ამ გახსნილობის და ხალხის წინაშე ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა; მესამე ამოცანა ასევე, უკავშირდება სასამართლო ხელისუფლების მიმართ ნდობის გაზრდას და სასამართლოს ავტორიტეტის გაზრდას იმით, რომ სასამართლოს ხელისუფლებაში მოვიდნენ მხოლოდ პროფესიული კომპეტენციით და ღირსებით გამორჩეული ადამიანები, ისინი დაწინაურდნენ და წახალისდნენ”,- განაცხადა ანა დოლიძემ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთის წინ, საქართველოს პრეზიდენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე ანა დოლიძე დანიშნა. აღნიშნულ პოსტზე ის საბჭოს არამოსამართლე წევრ ვახტანგ მჭედლიშვილს შეცვლის, რომელსაც უფლებამოსილების ვადა 16 იანვარს ეწურება. საბჭოს ახალი წევრი თანამდებობას 4 წლის ვადით დაიკავებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები