“პრეზიდენტს აქვს უფლება, შეიწყალოს მსჯავრდებულები, მაგრამ როგორ გამოიყენებს ამ უფლებას, – კონტროლს ექვემდებარება

„პრეზიდენტს აქვს ექსკლუზიური უფლება, შეიწყალოს მსჯავრდებულები, მაგრამ რა მიზნით და როგორ გამოიყენებს მისთვის მინიჭებულ ამ უფლებას პრეზიდენტი, რა თქმა უნდა, კონტროლს ექვემდებარება“ – ასე ეხმაურება იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის გამოტანილ განაჩენს.
მინისტრის განმარტებით, სასამართლოს გადაწყვეტილება იყო მიუკერძოებელი და ის სრულად ეხმიანება გირგვლიანის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას.
„ჩვენ ბოლო პერიოდში ბევრი რამ მოვისმინეთ იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს პრეზიდენტის უფლებამოსილება, შეიწყალოს დამნაშავე პირი, არის შეუზღუდავი, აბსოლუტური და რომ ის არ უნდა დაექვემდებაროს არანაირ კონტროლს საზოგადოების ან თუნდაც მართლმსაჯულების მხრიდან, რასაც მე პირადად ვერ ვიზიარებ, რადგანაც სააკაშვილის მიერ ამ კონკრეტულ საქმეზე შეწყალების უფლების გამოყენების კონტროლი უკვე განახორციელა, რამდენიმე წლის წინ, ისეთმა მართლმსაჯულების ორგანომ, როგორიც არის სტრასბურგის სასამართლო და მან თავის გადაწყვეტილებაში თქვა, რომ სააკაშვილის მიერ შეწყალების უფლების გამოყენება, ამ საქმეზე, იყო მისთვის საოცარი, თუ გნებავთ შოკის მომგვრელი, როგორც ეს წერია სტრასბურგის გადაწყვეტილებაში. რადგან, როდესაც საქმე ეხება უდანაშაულო ადამიანის მკვლელობას და ამ საქმეზე იხდიან სასჯელს პატიმრები, იქ შეწყალების უფლება არ უნდა გამოყენებულიყო. პრეზიდენტს აქვს ექსკლუზიური უფლება, შეიწყალოს მსჯავრდებულები, რაც უბრალო ენაზე ნიშნავს იმას, რომ მის მეტს არავის აქვს ასეთი უფლება, მაგრამ რა მიზნით და როგორ გამოიყენებს მისთვის მინიჭებულ ამ უფლებას პრეზიდენტი, რა თქმა უნდა, ეს კონტროლს ექვემდებარება და ვერანაირი მსუსხავი ე.წ. ეფექტი ამ სასამართლო გადაწყვეტილებას ვერ ექნება”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები