მამუკა მდინარაძე: სასამართლომ განაჩენით დაადგინა, რომ მიხეილ სააკაშვილი მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებას არამართლზომიერად იყენებდა

„გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით კიდევ ერთი დამნაშავე იქნა ცნობილი, დადგინდა კონკრეტული პირის ბრალეულობა და სასამართლომ შესაბამისი განაჩენი გამოიტანა“, – ასე ეხმაურება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენს.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, დღეს სასამართლომ ამ განაჩენით დაადგინა, რომ თანამდებობის პირი მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებას არამართლზომიერად იყენებდა.

„საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ განაჩენი არის გაგრძელება და ლოგიკური შედეგი თავის დროზე ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი რეკომენდაციებისა, როცა მან შეშფოთება გამოთქვა იმ მართლმსაჯულების გამო, რაც საქართველოში სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით განხორციელდა. აღნიშნული რეკომენდაციების საფუძველზე ობიექტური გამოძიება და ობიექტური მართლმსაჯულება წარიმართა. დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით კიდევ ერთი დამნაშავე იქნა ცნობილი. დადგინდა კონკრეტული პირის ბრალეულობა და სასამართლომ შესაბამისი განაჩენი გამოიტანა“, – განაცხადა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ, პირველი განაჩენი გამოაცხადა.
მოსამართლემ სანდრო გირგვლიანის საქმეზე, მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო და 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
მასვე დამატებითი სასჯელის სახით თანამდებობის დაკავების უფლება ერთი წლითა და ხუთი თვის ვადით ჩამოერთვა.

სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით აქვს წაყენებული.
გამოძიების თანახმად, მიხეილ სააკაშვილმა კუდ-ის იმჟამინდელ ხელმძღვანელს დათა ახალაიას სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულების შეწყალების უკანონო დაპირება მისცა და შემდეგ უკვე შეწყალების კომისიის გვერდის ავლით გერონტი ალანია, მიხეილ ბიბილურიძე, ავთანდილ აფციაური და ალექსანდრე ღაჭავა შეიწყალა, რითაც შექმნა სამართლებრივი ბერკეტი, მსჯავრდებულების პირობით ვადამდე გათავისუფლებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები