მამუკა არეშიძე: სუს-ის ვიდეოში ჩანს მაჩალიკაშვილის კავშირი ჯგუფის წევრებთან და მას გარკვეული დავალებებიც ექნებოდა

„ფაქტია, სუს-მა, სპეც. დანიშნულების თანამშრომლებმა და ჩვენმა უცხოელმა პატრნიორებმა საქართველო უზარმაზარ საფრთხეს ააცილეს“, – ამის შესახებ „კვირას“ კავკასიის საკითხებში ექსპერტმა მამუკა არეშიძემ განუცხადა.
მისივე შეფასებით, ვიდეო, რომელიც სუს-მა დღეს გაასაჯაროვა, ცხადყოფს, რომ ამ ადამიანებს ახმედ ჩატაევთან ირიბი ან პირდაპირი კონტაქტი ჰქონდათ.
თუმცა, ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ შესაძლებელია ამ პირებს ახმეტ ჩატაევი საერთოდ არ ჰყავდეთ ნანახი.
„ფაქტია, რომ ვიდეოს მიხედვით. რომელიც სუს-მა გაავრცელა, სადაც თემირლან მაჩალიკაშვილიც ფიგურირებს, მას ახმედ ჩატაევთან გარკვეული ურთიერთობა ჰქონდა. შესაძლებელია, მეკავშირის ფუნქცია ჰქონდა, ან საკვების მიმტანი იყო ან თუნდაც, სულ სხვა რამ ჰქონდა დავალებული. თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ მას ახმედ ჩატაევი ნანახიც არ ჰყავდა. ვიდეოში ნათლად ჩანს, რომ მაჩალიკაშვილს ირიბი კონტაქტი ჰქონდა ჯგუფის ამ წევრებთან. იგი კარგად ფლობს სოციალურ ქსელებს და გარკვეული დავალებებიც ექნებოდა. დანამდვილებით ვიცი, რომ ამ პირებს რაღაც გარკვეული დავალებები ჰქონდათ, რასაც ასრულებდნენ. მინდა აღვნიშნო, რომ ამ დროისათვის, საქმესთან დაკავშირებით ჯერ კიდევ არსებობს პასუხგაუცემელი კითხვები, მაგრამ სუს-მა, სპეც. დანიშნულების თანამშრომლებმა, ჩვენ ამერიკელ პარტნიორებთან ერთად, საქართველო უზარმაზრ საფრთხეს ააცილეს და არა მარტო საქართველო. კავკასია ყოველთვის იყო საინტერესო სხვა უცხო რჯულის ადამიანებისთვის და ეს საფრთხე ყოველთვის არსებობდა. ამიტომ ის უზარმაზარი საფრთხე, რაც არსებობდა, თავიდან იქნა აცილებული. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ ეს საფრთხე აღარ არსებობს. გამოძიება ჯერ კიდევ გრძელდება და როგორც ბრიფინგზე აღინიშნა, საზოგადოებას ეტაპობრივად კიდევ მიაწვდიან ინფორმაციას“ – განუცხადა „კვირას“ მამუკა არეშიძემ.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთის წინ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, საგანგებო ბრიფინგი გაიმართა. როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო გიორგობიანმა აღნიშნა, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე სახლის დათვალიერებისას, თემირლან მაჩალიკაშვილის სახელზე გაფორმებული საბანკო ხელშეკრულება აღმოჩნდა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სუს-ის კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა ტერორიზმში ბრალდებულთა ჯგუფთან კავშირზე მყოფი სხვა პირებიც გამოავლინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები