მაჩალიკაშვილის დაჭრის საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტი ჩაერთო

პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის დაჭრის საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი ჩაერთო.
ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა მასთან ხელშეკრულება უკვე გააფორმა.

მაია ნიკოლეიშვილი აცხადებს, რომ ის სასამართლო სამედიცინო დასკვნას დადებს მაჩალიკაშვილის დაზიანებების გარშემო. ექსპერტი სამუშაოებს მომდევნო დღეების განმავლობაში დაიწყებს.

პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ერთ-ერთი ეჭვმიტანილი თემირლან მაჩალიკაშვილი დაიჭრა. ექიმების კონსილიუმზე ითქვა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის ტრანსპორტირება დასშვებია.

პანკისსა და თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სუსმა 5 პირი დააკავა. თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ პატიმრობა შეუფარდა.

ბრალდების მიხედვით, დაკავებულები, სავარაუდოდ, აჰმედ ჩატაევის მოკავშირეები იყვნენ, ისინი დაეხმარნენ ჩატაევს საქართველოს საზღვარზე გადმოსვლასა და თბილისში ბინის ქირაობაში, სადაც 21-22 ნოემბერს სპეცოპერაცია ჩატარდა.

სუსის ცნობით, დაკავებული პირები 21-22 ნოემბრის სპეცოპერაციის დროს მოკლულ ჯგუფთან ერთად, საქართველოსა და თურქეთში ტერაქტებს გეგმავდნენ. ასევე იგეგმებოდა თავდასხმები საქართველოში მომუშავე დიპლომატიურ კორპუსზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები