შსს ქმრის მიერ მოკლული ქალის შვილებს, სრულწლოვანებამდე, ყოველთვიურად 608 ლარს გადაუხდის

თბილისის საქალაქო სასამართლომ, ქმრის მიერ მოკლული მარიკა წივწივაძის დედას, სარჩელი ნაწილობრივ დაუკმაყოფილა.
სასამართლოს კოლეგიის გადაწყვეტილებით, შს სამინისტრო მარიკა წივწივაძის დედას, მორალურ ზიანს 10 ათასს ლარს გადაუხდის, ამასთან, გარდაცვლილის შვილები სრულწლოვანებამდე ყოველთვიურად 608 ლარს მიიღებენ.
აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ.
„თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მოსარჩელეების თ. თ.-სა და ა. კ.-ს სასარჩელო მოთხოვნა მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე, მოპასუხეების – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და საქართველოს შსს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს მიმართ.
მოსარჩელემ განმარტა, რომ სახეზეა მოპასუხეთა უმოქმედობით გამოწვეული ზიანი, კერძოდ, მოვალეობის არაჯეროვანი შესრულება, რის გამოც თ. თ.-მ მოითხოვა, შვილის მ. წ.-ს გარდაცვალებით მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება – 10 000 ლარის ოდენობით, ასევე, არასრულწლოვან ა. კ.-ს სასარგებლოდ სარჩოს სანაცვლოდ ერთჯერადი ანაზღაურება 216 850 ლარის ოდენობით.
სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი გარემოებები ადასტურებენ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ, მათზე დაკისრებული მოვალეობების არაჯეროვან შესრულებას. მ. წ. მიმართავდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებს მის მიმართ ლ. მ.-ს მხრიდან განხორციელებული მუქარის, ძალადობის ფაქტების და მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ და ითხოვდა დახმარებას, მოპასუხე – ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ კი, არ იქნა განხორციელებული კანონით განსაზღვრული ყველა ის ქმედება და პროცედურა, რაც შეამცირებდა ლ. მ.-სგან გამომდინარე საფრთხეს. სასამართლომ მიიჩნია, სახელმწიფო ორგანოებმა მიუხედავად მათი ინფორმირებულობისა, არ მიიღეს ყველა გონივრული ღონისძიება მ. წ.-ს ხელშეუხებლობის დასაცავად და არ მოახდინეს მის მიმართ ძალადობის ფაქტებზე სათანადო რეაგირება.
სასამართლომ სარჩელი მორალური ზიანის ანაზღაურებს ნაწილში დააკმაყოფილა სრულად, მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისრათ, თ. თ.-ს სასარგებლოდ, მორალური ზიანის ანაზღაურება 10 000 ლარის ოდენობით.
სასარჩელო მოთხოვნა სარჩოს ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში სასამართლოს მიერ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, მოსარჩელის მიერ ვერ იქნა დასაბუთებული სარჩოს სანაცვლოდ ერთჯერადი ანაზღაურების გაცემისთვის კანონმდებლობით დადგენილი მნიშვნელოვანი საფუძვლის არსებობა, შესაბამისად, სასამართლომ ადმინისტრაციულ ორგანოებს სარჩოს ანაზღაურება დააკისრა არა ერთჯერადი ანაზღაურების სახით, არამედ ყოველთვიურად 608 ლარის ოდენობით ა. კ.-ს სრულწლოვანებამდე. სასამართლომ სარჩოს ოდენობა განსაზღვრა მ. წ.-ს ხელფასის (შემოსავლის) გარდაცვლილის კმაყოფაზე მყოფი პირების რაოდენობაზე გაყოფით.
სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღეში სააპელაციო წესით“, – ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები