შს მინისტრის მოადგილე რატიანზე: მიუხედავად იმისა, რომ პოლიციელები სიმშვიდისაკენ მოუწოდებენ, ის უწმაწური სიტყვებით აგინებს მათ

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ვიდეომასალა, რომელიც პოლიციას ხელთ აქვს, შეეხება ზვიად რატიანის მხრიდან პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის გაწევას, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩლებლობას, ასევე, საუბარია ხულიგნობის ფაქტზე.
როგორც მეზვრიშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში საუბრისას განაცხადა, ეს არის უწყვეტი კადრი.
„ეს არის უწყვეტი კადრი და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. აქ ჩანს ზვიად რატიანი, რომელიც პოლიცილებთან ერთად იმყოფება. მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანები მოუწოდებენ მას სიმშვიდისაკენ, ის უწმაწური სიტყვებით აგინებს პოლიციელებს, აგრესიულად მიმართავს მათ და არ აძლევს შესაძლებლობას, რომ სამსახურებრივი უფლებამოსილება შეასრულონ. რაც შეეხება საკითხს, თუ რატომ არ გამოვიტანეთ სააშკარაოზე, გარკვეული სპეკულაციები მოჰყვა ამას. მინდა საზოგადოებას მკაფიოდ და ნათლად ვუთხრა, რომ ჩვენ უნდა დავამკვიდროთ ერთხელ და სამუდამოდ სტანდარტი, ისეთ მიდგომა, რომ წინასწარ, გამოძიების დასრულებამდე, მანამ სანამ სასამართლო არ იმსჯელებს ამაზე, ჩვენ არ შევუწყოთ ხელი გარკვეული საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებას. ჩვენ ამ ჩანაწერს, კანონით დადგენილი წესით, სასამართლოში წარვადგენთ“, -განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ.
შეგახსენებთ, რომ პოეტი ზვიად რატიანი, საპოლიციო კონტროლის ფარგლებში, სამართალდამცველებმა დააკავეს. ის სამართალდამცველებს ზეწოლაში ადანაშაულებს. რატიანი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
შსს-მ მომხდარზე გუშინ ბრიფინგი გამართა. როგორც მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, რატიანი ნასვამი იყო და მან პოლიციელებს შეურაცხყოფა მიაყენა.
საქართველოს პროკურატურამ პოლიციელთა მხრიდან, სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე, გამოძიება დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები