შს მინისტრის მოადგილე რატიანის საქმეზე: არ გვინდა გაჩნდეს კითხვის ნიშნები, ამიტომ, მაქსიმალური ობიექტურობისათვის, საქმეს იძიებს პროკურატურა

დაველოდებით გამოძიების შედეგებს და თუ დადასტურდა პოლიციელების მხრიდან გადაცდომის ჩადენის ფაქტები, შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მოვახდენთ – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა პოეტ ზვიად რატიანის საქმეზე საუბრისას, ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.
ამასთან, შს მინისტრის მოადგილემ განმარტა, რატომ გადაეცა აღნიშნული საქმე პროკურატურას.
„ჩვენ არ ვამბობთ, რომ ერთი პოლიციელია დამრღვევი, არაფერს გამოვრიცხავთ. ჩვენ ვამბობთ, რომ, რა ფარგლებშიც გენინსპექციამ ჩაატარა მოკვლევა, გამოვლინდა ერთი პოლიციელის მხრიდან შესაძლო გადაცდომის ჩადენის ფაქტი. მას უფლებამოსილება უკვე შეუჩერდა, იმის საფუძველზე, რაც დავადგინეთ. ახლა საქმე გადაცემულია პროკურატურისთვის, იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, ზვიად რატიანი საზოგადოებას დანაშაულის ნიშნებზე უთითებს. საზოგადოებას უნდა ესმოდეს, რომ როდესაც საუბარია სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებზე, ეს უკვე პროკურატურის კომპეტენციაა. ამიტომ იძიებს პროკურატურა ამ საქმეს. ჩვენ არ გვინდა, გაჩნდეს გარკვეული კითხვის ნიშნები, ამიტომ, მაქსიმალური ობიექტურობისათვის, საქმეს იძიებს პროკურატურა და ასეთია კანონის მოთხოვნაც. ჩვენ დაველოდებით გამოძიების შედეგებს და თუ დადასტურდა პოლიციელების მხრიდან გადაცდომის ჩადენის ფაქტები, შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მოვახდენთ.- მათ წარედგინებათ ბრალი. ეს არის სამართლებრივი რეაგირების კანონით დადგენილი ფორმა და თუ დადასტურდა მათი დამნაშავეობა, სასამართლო იმსჯელებს ამ საკითხზე ისე, როგორც კანონით არის განსაზღვრული“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პოეტი ზვიად რატიანი, საპოლიციო კონტროლის ფარგლებში, სამართალდამცველებმა დააკავეს. ის სამართალდამცველებს ზეწოლაში ადანაშაულებს. რატიანი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
შსს-მ მომხდარზე გუშინ ბრიფინგი გამართა. როგორც მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, რატიანი ნასვამი იყო და მან პოლიციელებს შეურაცხყოფა მიაყენა.
საქართველოს პროკურატურამ პოლიციელთა მხრიდან, სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე, გამოძიება დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები