მისცემს თუ არა უკრაინელ პატიმარს საქართველო პოლიტიკურ თავშესაფარს, 29 დეკემბერს გახდება ცნობილი

თბილისის საქალაქო სასამართლოში პატიმრობაში მყოფი უკრაინელი მარტოხელა დედისთვის, ირინა სავიცკაიასთვის თავშესაფრის მინიჭების საკითხზე სხდომა გაიმართა.

ირინა სავიცკაიას ადვოკატის გიორგი კონდახიშვილის თქმით, უკრაინაში ექსტრადირების შემთხვევაში, მისი კლიენტის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

ადვოკატი სავიცკაიას პოლიტიკურ დევნილს უწოდებს და თვლის, რომ ქართულ მხარეს სამართლებრივი არგუმენტი არ გააჩნია, უკრაინის მოქალაქეს ლტოლვილის სტატუსზე უარი უთხრას.

მისივე განმარტებით, უკრაინის ხელისუფლების პირობებში და მიმდინარე პოლიტიკური ვითარების ფონზე, მოქალაქე სავიცკაიას უფლებები დაცული ვერ იქნება.

“დიდი იმედი მაქვს ჩვენს მიერ წარდგენილ არგუმენტაციას სასამართლო გაითვალისწინებს და ჩვენი მოთხოვნა დაკმაყოფილებული იქნება, ვინაიდან არ არსებობს რეალური საფუძველი იმისა, რომ საქართველომ უკრაინის მოქალაქე ირინა სავიცკაიას ლტოლვილის სტატუსზე უარი უთხრას”, – განაცხადა კონდახიშვილმა.

სავიცკაიას ინტერესების დამცველის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ მათთვის სასურველი შედეგი არ დადგება, გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება.

თავის მხრივ, მოპასუხე ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს იურისტმა აღნიშნა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები არ არის საფუძველი იმის, რომ სავიცკაიას საქართველომ ლტოლვილის სტატუსი მიანიჭოს.

საქმის მოკლე ისტორია:

• საქართველოს სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებმა, ინტერპოლის უკრაინის ბიუროს მოთხოვნის საფუძველზე, 2017 წლის 29 ივნისს ქალაქ ბათუმში დააკავეს ირინა სავიცკაია. უკრაინაში მას, როგორც შპს “პროდექსპორტ 2009”-ის ყოფილ ბუღალტერს, კონტრაგენტი-საწარმოს შპს “ატბ-მარკეტის” ქონების უკანონოდ მითვისების მცდელობისთვის, აბსურდული ბრალი წაუყენეს. სინამდვილეში, სწორედ “ატბ” არ უბრუნებდა გატანილი პროდუქციის საფასურს, ხოლო ირინა სავიცკაია დავალიანების მქონე კომპანიის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებდა სასამართლოში წარსადგენად – უკრაინელმა სამართალდამცველებმა სწორედ ამაში დაინახეს კანონდარღვევა.

• ეს უბრალოდ “კომერციული დავა” არ არის. ირინა სავიცკაიაზე ძებნის გამოცხადება უკრაინაში იმ კომპანიების დევნის უზარმაზარი კამპანიის ნაწილი გახდა, რომლებიც სახალხო დეპუტატ სერგეი რიბალკას ოჯახს ეკუთვნის. ის ოპოზიციური რადიკალური პარტიის წევრია და დაცვის მხარის აზრით, ეს ყველაფერი უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან, ძალოვნების გამოყენებით, ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე ზეწოლას ნიშნავს.

• 2017 წლის 3 ივლისს ბათუმის საქალაქო სასამართლომ ირინა სავიცკაიას ორთვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა, თბილისის საქალაქო სასამართლომ კი პატიმრობის ვადა 2017 წლის 30 დეკემბრამდე გაუგრძელა.

• პარალელურად, ირინა სავიცკაიამ საქართველოს დევნილთა და განსახლების სამინისტროს პოლიტიკური თავშესაფრის მინიჭების მოთხოვნით მიმართა იმ მოტივით, რომ უკრაინაში პოლიტიკური დევნის გამო, მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

• საქართველოს ომბუდსმენმა დაუშვებლად მიიჩნია სავიცკაიას პატიმრობა იმ პირობებში, როდესაც ის მძიმე ავადმყოფი შვილის მარტოხელა დედაა.

• ადვოკატებმა სასამართლო კოლეგიას უტყუარი მტკიცებულებები წარუდგინეს, რომ უკრაინის სამართალდამცავი უწყებები, მათ შორის, გენერალური პროკურატურა, სისხლის სამართლის საქმეებს ხშირად პოლიტიკური მიზნებით იყენებს. აღნიშნული დოკუმენტები ადასტურებს ტენდენციას, რომლის თანახმადაც სამართლებრივი დევნა იმ ადამიანებზე ვრცელდება, რომლებიც უკრაინის ხელისუფლებისა და მისი უახლოესი გარემოცვისთვის მიუღებლები არიან. ამ დოკუმენტებში ქართული მხარის პოზიციაცაა დაფიქსირებული – უკრაინაში არ არსებობს სამართლიანი სასამართლო და რომ მსჯავრდადებულს არ აქვს სიცოცხლის, ფიზიკური ხელშეუხებლობისა და წამებისა და არაადამიანური მოპყრობისგან დაცვის გარანტიები; რომ უკრაინა არაფორმალურად, ოლიგარქების მიერ იმართება, რომელთაც ტოტალური მართლსაწინააღმდეგო გავლენები აქვთ, მათ შორის, სასამართლოებსა და სამართალდამცავ ორგანოებზე.

• ადვოკატებმა სასამართლოს წარუდგინეს ამერიკელი ჟურნალისტის ტოდ ვუდის ინტერვიუ უკრაინის გენპროკურატურის განსაკუთრებულ საქმეთა დეპარტამენტის უფროსის ყოფილ მოადგილე დიმიტრი სუსასთან, რომელიც დეტალურად ყვება, რომ შპს “ატბ-მარკეტ”-ის თანამფლობელის ოლიგარქი ბუტკევიჩის, გენერალური პროკურორის იური ლუჩენკოსა და სხვა მაღალჩინოსნების დაკვეთით, უკრაინის ოპოზიციური პარტიის ლიდერ სერგეი რიბალკასა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ, სისხლის სამართლებრივი დევნა შსს-ს, უსაფრთხოების სამსახურისა და პროკურატურის მხრიდან ხორციელდებოდა. დოკუმენტები ააშკარავებს მტკიცებულებათა ფალსიფიცირებას, უკანონო თვალთვალს.

• მათ შორის, ის პირდაპირ მიუთითებს ე.წ. დნეპროპეტროვსკის საქმეზე (ირინა სავიცკაიას საქმე). ის დეტალურად აღწერს, რომ უკრაინის სამართალდამცავი ორგანოების მიზანი იყო ოპოზიციონერი დეპუტატის სერგეი რიბალკას გარემოცვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების ფაბრიკაცია, რათა ამ პირებისგან მიეღოთ დეპუტატის საწინააღმდეგო ჩვენებები.

• ამასთან, ადვოკატებმა სასამართლოში იმის მტკიცებულებები შეიტანეს, რომ ინტერპოლს მიმართეს განცხადებით ირინა სავიცკაიას საერთაშორისო ძებნაში გამოცხადების უკანონობის შესახებ, რომელშიც დეტალურადაა აღწერილი უკრაინული სამართალდამცავი ორგანოების ყველა საპროცესო დარღვევა, რომლებიც მათ ირინა სავიცკაიას უკრაინის საერთაშორისო ძებნაში გამოცხადების ფარგლებში დაუშვეს.

აღნიშნულ საქმეზე გადაწყვეტილება 29 დეკემბერს გახდება ცნობილი.

კიევის მოთხოვნით, ირინა სავიცკაია საქართველოში 30 ივნისს დააკავეს. ის წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. სავიცკაიას უკრაინის საგამოძიებო უწყებები კონკურენტი კომპანიის ქონების მითვისების მცდელობას ედავებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები