გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე თეა წულუკიანმა იუსტიციის სამინისტროს საქმიანობა შეაჯამა

იუსტიციის მინისტრმა საკომიტეტო მოსმენაზე რამდენიმე ძირითად საკითხზე გაამახვილა ყურადღება.

მან მართლმსაჯულების რეფორმის სამი ტალღის შედეგები შეაჯამა.

თეა წულუკიანის თქმით, მართლმსაჯულების რეფორმის სამი ტალღის შედეგად გამამართლებელი განაჩენების ზრდამ 83%-ს მიაღწია.

„2008-2011 წლებში ჩვენ გვყავდა მხოლოდ 112 ბრალდებული გამართლებული, 2013-2016 წლებში კი, გამართლდა 643 ბრალდებული. 2009-2012 წლებში მხოლოდ 3 სისხლის სამართლის საქმეზე უთხრა უარი მოსამართლემ პროკურატურას წინასწარი პატიმრობის მოთხოვნაზე, მხოლოდ 2016 წელს მოსამართლემ წინასწარი პატიმრობის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა 174 საქმეზე; დღეს მოსამართლე „ბედავს“, რომ პროკურატურას ბრმად არ დაუჭიროს მხარი და, როდესაც არ არის სათანადო მტკიცებულებები, გამოაქვს გამამართლებელი განაჩენი. ეს არის ის შედეგი მართლმსაჯულების რეფორმისა. მართლმსაჯულებაში ხარვეზიც ბევრია და გრძელდება აქტიური მუშაობა ამ მიმართულებით“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.
იუსტიციის მინისტრმა ისაუბრა, აგრეთვე, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსსა და მის პრაქტიკულ შედეგებზე: 2009-2011 წლებში 1139 ბავშვი გახლდათ წინასწარ პატიმრობაში. 2016 წელს ეს ციფრი იყო მხოლოდ 43. ის პრინციპი, რაც იყო გაერო-ს კონვენციით დაცული და რაც ჩვენმა კოდექსმა შემოიტანა, რომ წინასწარი პატიმრობა არის მხოლოდ და მხოლოდ უკიდურესი გამოსავალი, მოსამართლეების მხრიდან პრაქტიკაშიც სრულდება“, − აღნიშნა მან.
კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც თეა წულუკიანმა დეპუტატების ყურადღება გაამახვილა, საერთაშორისო სასამართლოში საქართველოსა და რუსეთს შორის სახელმწიფოთაშორისი დავა და ჰააგის პროკურატურაში მიმდინარე გამოძიება იყო. იუსტიციის მინისტრის თქმით, საქმის − „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ − მორიგი ღია მოსმენა სტრასბურგის სასამართლოში 2018 წლის მაისში გაიმართება. წარმატებულია თანამშრომლობა ჰააგის სასამართლოსთანაც. საქართველოში გაიხსნა მათი ოფისი. „ჩვენი მიზანი იყო და მომავალშიც იქნება, რომ ვაჩვენოთ მტკიცებულებებით, რომ ჩატარდა ქართველთა წინააღმდეგ ეთნიკური წმენდა, ქართველი სამხედრო ტყვეების წამება და მოკვლა“, − თქვა მან.
იუსტიციის მინისტრი თავის გამოსვლაში შეეხო მიწის რეგისტრაციის პროექტის შედეგებს. მისი თქმით, დღეისათვის უკვე შესრულდა 340 ათასი რეგისტრაცია და პროგრამა 2018 წლის პირველ ივლისამდე გაგრძელდება.
„გრძელდება საზოგადოებრივი ცენტრებისა და იუსტიციის სახლების მშენებლობა. ბოლო 5 წლის განმავლობაში 50 საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა და მომდევნო წელს გაიხსნება კიდევ 10. მომავალ წელს იგეგმება 6 იუსტიციის სახლის მშენებლობა“, − აღნიშნა თეა წულუკიანმა.
მინისტრი შეეხო სანოტარო სისტემაში განხორციელებულ რეფორმებსაც. მისი თქმით, პროგრამა „ნოტარიუსი ყველა რაიონს“ წარმატებით გრძელდება. ნოტარიუსთა პალატის სერვისები ხელმისაწვდომი გახდა ისეთ სოფლებში, სადაც სანოტარო ბიუროები აქამდე არასოდეს ყოფილა. თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ ახალდანიშნული ნოტარიუსების ყოფნას სანოტარო ბიუროებში იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია შეამოწმებს.
იუსტიციის სამინისტრო გააგრძელებს მუშაობას ყოფილი პატიმრების რესოციალიზაცია-რეაბილიტაციისათვის. მინისტრის განცხადებით, 2012 წლის ნოემბრიდან დღემდე ყოფილი პატიმრების რეაბილიტაციისა და დახმარებისათვის გრანტების სისტემით გაიცა ნახევარი მილიონი ლარი. დაფინანსდა 109 პატიმრის, მათ შორის, 30 ქალის, ბიზნესიდეა. რეციდივის მაჩვენებელი ათეულობით ათას პატიმართან მიმართებით არის მხოლოდ და მხოლოდ 4%.
თავისი გამოსვლის ბოლოს იუსტიციის მინისტრმა ეროვნული არქივის საქმიანობაზეც ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, „ეროვნულმა არქივმა ბოლო 5 წლის განმავლობაში ათეულობით ათას გვერდს გაუკეთა რესტავრაცია. 800-ზე მეტი ეტრატის მე-9, მე-10 საუკუნეებიდან დაწყებული დოკუმენტებია. ჩვენ წელს შევძელით და იუნესკო-ს რეესტრში შევიტანეთ ქართული პალიმფსესტი − მე-9 საუკუნის არის პირველი შრე, და მომავალშიც ვგეგმავთ, რომ ეროვნულმა არქივმა ქართული პალიმფსესტების კვლევას დაუთმოს საკმარისი დრო“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები