„შოუ-ბიზნესის ბაზარზე მაქინაციები გახშირდა“ – TKT.GE ყველანაირ პასუხისმგებლობას იხსნის

შოუ-ბიზნესის ბაზარზე მაქინაციები გახშირდა – ამ სათაურით bfm.ge ვრცელ სტატიას აქვეყნებს.
გამოცემის ცნობით, Chris Norman-ის ჩაშლილ კონცერტზე გაყიდული ბილეთების დაბრუნება, თვენახევრის შემდეგ დაიწყო.
„თბილისის სპორტის სასახლეს 10 დეკემბერს პოპულარული ბრიტანელი როკ-მომღერლის Chris Norman-ს კონცერტისთვის უნდა ემასპინძლა. მისი შემოქმედების თაყვანისმცემელი საქართველოშიც მრავლადაა. ბილეთების გაყიდვა პორტალ TKT.GE-ს მეშვეობით დაიწყო. ამ პორტალთან, თანამშრომლობს თეატრების, კინოდარბაზების, საკონცერტო თუ სხვა გასართობი დაწესებულებების უმრავლესობა. ბილეთების შეძენა ხდება ონლაინ რეჟიმში საბანკო ბარათის მეშვეობით და ამაში ცალკე ბანკს და ცხადია, ცალკე თავად TKT.GE-ს მომხმარებელი გარკვეულ საკომისიოსაც უხდის. სახლიდან გაუსვლელად, ხშირად კი ანშლაგისთვის განწირული ღონისძიების ბილეთის დროულად დასასაკუთრებლად მართლაც თანამედროვე და კომფორტული სერვისია, რაშიც ფულის გადახდა ნამდვილად ღირს. თუმცა, ამა თუ იმ გართულების შემთხვევაში, არის თუ არა ასევე კომფორტულად დაცული მომხმარებლის უფლებები, უკვე საეჭვო საკითხია. ეს ცხადყო სწორედ Chris Norman-ის ჩაშლილმა კონცერტმა.
საქმე ის არის, რომ მას შემდეგ, რაც Chris Norman-ის კონცერტის გაუქმების შესახებ გაჩნდა ინფორმაცია, მომხმარებლის ნაწილმა, რომლებმაც შემთხვევით გაიგო ეს ამბავი, მიმართეს TKT.GE -ს კითხვით, თუ როდის და რა ფორმით დაუბრუნდებოდათ მათ ბილეთებში გადახდილი თანხები და აქ დაიწყო ერთთვიანი ინტერნეტ გადაძახილი მომხმარებელსა და TKT.GE -ს შორის. აღმოჩნდა, რომ TKT.GE ყველანაირ პასუხისმგებლობას იხსნის მომხმარებლის წინაშე. კერძოდ, მხოლოდ მას შემდეგ, რაც მომხმარებელი ირჩევს ამა თუ იმ ღონისძიების ბილეთს და ყიდვის ღილაკს აჭერს, ეკრანის შეუმჩნეველ ნაწილში, წვრილი შრიფტით ჩნდება ბმული: „ვეთანხმები წესებსა და პირობებს“ და მომხმარებელიც, რომელმაც უკვე აარჩია ღონისძიება, ისე რომ, როგორც წესი, არ კითხულობს ამ წესებსა და პირობებს, ფაქტობრივად, ინერციით სვამს თანხმობის ნიშანს. ეს თანხმობა კი ღონისძიების გადადების, გაუქმების ან ცვლილების შემთხვევაში, ნიშნავს შემდეგს:
TKT.GE წარმოადგენს მხოლოდ შუამავალს, რომელიც, ღონისძიების ორგანიზატორის დავალებით ყიდის ღონისძიების ბილეთებს; შესაბამისად, TKT.GE პასუხს არ აგებს ღონისძიების გაუქმების, გადადების, ცვლილების (ღონისძიების ჩატარების ადგილის, პროგრამის და სხვა) შემთხვევაში. მომხმარებელს მოთხოვნის უფლება წარმოეშვება ღონისძიების ორგანიზატორის წინაშე. მიუხედავად ამისა, TKT.GE შეეცდება, დახმარება გაუწიოს მომხმარებელს ღონისძიების ორგანიზატორთან დაკავშირებასა და საკითხის მოგვარებაში.
ღონისძიების გაუქმების, გადადების ან სხვა ნებისმიერი ცვლილების შემთხვევაში TKT.GE უფლებას იტოვებს, მოახდინოს იმ მომხმარებლის ინფორმირება, რომელსაც შეძენილი აქვს კონკრეტული ღონისძიების ბილეთი. აღნიშნული წარმოადგენს ნებაყოფლობით მომსახურებას, რაც შეიძლება განხორციელდეს მოკლე ტექსტური შეტყობინების ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, TKT.GE –ისათვის ცნობილ მომხმარებლის მონაცემებზე.
თანხის დაბრუნება
TKT.GE არც ერთ შემთხვევაში არ არის ვალდებული, უკან დაუბრუნოს მომხმარებელს თანხა, თუ მომხმარებელი და ეთანხმება შეთავაზების შეძენას და გადახდილი იქნება საფასური.
ბილეთის დაბრუნება
TKT.GE არ არის ვალდებული, დაიბრუნოს გაყიდული ბილეთ(ებ)ი.
აი ასე, – TKT.GE იურიდიული თვალსაზრისით ყველანაირ პასუხისმგებლობას იხსნის მომხმარებლის წინაშე. რამდენად მორალურია და რამდენად შეესაბამება ასეთი „წესები და პირობები“ TKT.GE –ის სატელეფონო ოპერატორთა მხრიდან ავტომატიზმამდე დაზეპირებულ განცხადებას, რომ TKT.GE ორიენტირებულია მომხმარებლის ინტერესზე და ზრუნავს მასზე, თავად განსაჯეთ.
როგორც აღინიშნა, Chris Norman-ის კონცერტის გაუქმებისასაც სწორედ ასე მოხდა. უფრო მეტიც, მომხმარებლებს ოპრატორები წერდნენ, რომ ბილეთებში გადახდილი თანხების დაბრუნება (საკომისიოების გარეშე) მხოლოდ მას შემდეგ მოხდებოდა, რაც ორგანიზატორები შესაბამის თანხებს ჩაურიცხავდნენ TKT.GE -ს. თუ რა მოხდებოდა, თუკი ორგანიზატორები გონივრულ ვადაში, ან სულაც საერთოდ არ ჩაურიცხავდნენ მას თანხას, TKT.GE პასუხს თავს არიდებდა.
რაც შეეხება ორგანიზატორს, ასეთადTKT.GE -მEASYLOAN.GE დააასახელა, რომელიც, თუ მათ ვებ და ფეისბუქ გვერდების შინაარსიდან ვიმსჯელებთ (არაერთხელ შეწყვეტილი და განახლებული საკრედიტო საქმიანობა, მომხმარებლების უკმაყოფილო კომენტარები და სხვა, რომელთაგან განსაკუთრებით არასასურველებს ადმინისტრატორი შლის კიდეც…) არცთუ წარმატებული ონლაინ-სესხების გამცემი კომპანიაა.
როგორც გაირკვა, უფრო სწორად, როგორც EASYLOAN.GE-ს ფეისბუქ გვერდიდან მომხმარებლებს პასუხობდნენ, EASYLOAN.GE არ იყო ამ ჩაშლილი კონცერტის ორგანიზატორი, თურმე ის მხოლოდ საკუთარ „ბრენდის“ ეგიდის ქვეშ ახორციელებდა კონცერტის მარკეტინგულ მხარდაჭერას. (რომელი მსოფლიო ბრენდია EASYLOAN.GE, ეს კიდევ სხვა თემაა, თუმცა ამაზე დაწვრილმანება არ ღირს, იმდენად სარკასტულად გამოიყურება ეს პასუხი ).
მართალიაTKT.GE-მორგანიზატორად EASYLOAN.GE დაასახელა და ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა მას გადააბარა, EASYLOAN.GE-მ თავის მხრივ, დაზარალებული პირები ფაქტობრივად, გაურკვეველ FB გვერდზე – BILETEBI ONLINE-ზე გადაამისამართა… BILETEBIONLINE–ს, რამდენადაც ირკვევა, ვებგვერდი არც კი გააჩნია.
ორგანიზატორის დასახელებას კი BILETEBIONLINE-ც დაEASYLOAN.GE –ც კატეგორიულად არიდებდნენ თავს და ამას ხელშეკრულების (გაურკვეველი დარჩა ვისსა და ვისს შორის ხელშეკრულების) არც მეტი არც ნაკლები „კონფედიციალურობით“ ხსნიდნენ (მართლწერა ეკუთვნის EASYLOAN.GE –ს და BILETEBIONLINE-ს). შესაბამისად, მომხმარებელს დიდხანს არც იმაზე სცემდნენ პასუხს, თუ როდის დაიწყებდა ეს მითიური ორგანიზატორი გაუქმებული კონცერტის ბილეთების თანხების დაბრუნებას.
EASYLOAN.GE რომ საკუთარ პოზიციებსა დაპასუხებში არათანმიმდევრულია, თუნდაც ერთი ფაქტიდანაც ნათლად იკვეთება. -მან 16 ნოემბერს მისწერა მომხმარებელს, რომ თანხების დაბრუნება, საკომისიოების ჩათვლით, მომდევნო კვირიდან დაიწყებოდა. ისმის კითხვა – თუ EASYLOAN.GEგარდა საკუთარი „მქუხარე“ სახელის ორგანიზატორებისთვის „თხოვებისა“ არაფერ შუაშია ამ კონცერტთან, რატომ იღებს საკუთარ თავზე თანხების დაბრუნების პირობას, თან ვადასაც უთქვამს. აქვე უნდა ითქვას, რომ რეალურად არანაირ „მომდევნო კვირაში“ თანხების დაბრუნება არ დაწყებულა.
ამასობაში გამოჩნდა ორგანიზატორი კომპანიაც. თუ ფიქრობდით, რომ ის ამ საქმეში გამოცდილი რომელიმე კომპანიიდან ერთ-ერთი იქნებოდა, მოლოდინი გაგიცრუვდათ. შპს „კობე“. აშკარად ამაყად და ხმამაღლა ჟღერს დამისი დამფუძნებლის ვინმე ირაკლი კობერიძის გვარის შემოკლებულ ვერსიასაც (სავარაუდოდ) უკვდავყოფს, მაგრამ სად „კობე“ და სად Chris Norman -ის კონცერტი, – გაურკვეველია. სამაგიეროდ გარკვეულია, რომ შპს „კობეს“ დამფუძნებლის გვარს EASYLOAN.GE –ის დამფუძნებლის ნიკოლოზის და დირექტორის ზაზას გვარები საეჭვოდ ემთხვევა. ბუნებაში დამთხვევები, ცხადია, არსებობს, მაგრამ თანხების დაბრუნების არაგონივრულად გაგრძელებული პროცესიც რომ გონივრული ეჭვის საფუძველს იძლევა, არც ესაა უსაფუძვლო… მით უფრო, როცა საქმე ერთის მხრივ დროში შეყოვნებულ ფულს და მეორეს მხრივ, ონლაინ სესხების გამცემ კომპანიას ეხება… რაც შეეხება ამ საოცარ ისტორიაში არსებულ კიდევ ერთ ფიგურანტს, რაღაც გაუგებარ ფეისბუქ წარმონაქმს – BILETEBIONLINE –ს, მასზე სერიოზულად საუბარიც კი ზედმეტია. ამ ისტორიაზე BFM.GE უფრო დაწვრილებით უკვე წერდა (http://bfm.ge/?p=36925საქართველოში უფასო ფულის კეთების ახალი სქემა ამუშავდა?)
რა თქმა უნდა, ისტორია უსასრულოდ ვერ გაგრძელდებოდა, რადგან დაზარალებული მომხმარებლების მოთმინებაც ზღვარს მიაღწევდა და საკონცერტოდ დანიშნული თარიღი, 10 დეკემბერიც ახლოვდებოდა. მოხდა ის, რაც მოსალოდნელი იყო – 8 დეკემბერს შპს „კობემ“TKT.GE-ს დაუბრუნა გაყიდული ბილეთების თანხა (სწორად გამოიცანით – რა თქმა უნდა, საკომისიოების გარეშე) და TKT.GE-მაც სასწრაფოდ დააგზავნა სმს შეტყობინებები კონცერტის გაუქმებისა და ბილეთებში გადახდილი თანხების დაბრუნების დაწყების თაობაზე. მანამდე, თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კონცერტი გაუქმებულია TKT.GE-ს მომხმარებლებისთვის, გარდა საიტზე განთავსებული მცირე დამღისა, სხვა ფორმით არ მიუწოდებია. ვერც შეედავები. უფრო მეტიც, მის მიერვე დაწესებული წესების თანახმად, შეეძლო არც 8 დეკემბერს დაეგზავნა სმს შეტყობინებები, მაგრამ ამ შემთხვევაში, ძალიან დიდი ალბათობით, 10 დეკემბრის საღამოს სპორტის სასახლესთან კონცერტზე დასასწრებად მისული ადამიანები მოიყრიდნენ თავს და იოლი მისახვედრია, რა უარყოფით რეზონანსსაც გამოიწვევდა ეს ყველაფერი, პირველ რიგში, სწორედ TKT.GE-სთვის, რომელიც მართლაც ბრენდად იქცა უკვე და რომელიც აცხადებს, რომ მომხმარებელზე ორიენტირებული კომპანიაა… აი, ორი „მასშტაბური“ კომპანიისთვის – შპს „კობესა“ და „იზილოუნისთვის“ კი თუნდაც უარყოფითი რეზონანსი, სასარგებლოც კი შეიძლება გამომდგარიყო – ცნობადობა გაეზრდებოდათ…
მთელი ამ ისტორიიდან განსაკუთრებით საგულისხმოა ის, რომ როგორც გამოჩნდა, სოლიდურობაზე პრეტენზიის მქონე TKT.GEარ თვლის თავის კორპორატიულ პასუხისმგებლობად, იცოდეს ვინ არის ამა თუ იმ ღონისძიების ორგანიზატორი კომპანია, რომლის ბილეთებსაც ყიდის. ფაქტია, მის მიერ დასახელებული EASYLOAN.GEარ აღმოჩნდა Chris Norman-ის კონცერტის ორგანიზატორი – სამართლებრივი თვალსაზრისით ვსაუბრობთ. ფაქტია ისიც, რომ ორგანიზატორის გამოცდილება და რეპუტაციაც ნაკლებად აწუხებს. ასე რომ არ იყოს ამ ბიზნესში სრულიად გამოუცდელ, ანუ „ვინმე“ შპს „კობეს“ საკუთარ ვებ-სივრცეს ბილეთების სარეალიზაციოდ არ მისცემდა. ისიც ფაქტია, რომ მომხმარებელმა არ იცის TKT.GE, რომელსაც ენდობა, რომლის მეშვეობითაც ბილეთებს ყიდულობს და რომელსაც ამაში ფულს უხდის, თავის მხრივ ამოწმებს თუ ორგანიზატორსა და უცხოელი შემსრულებლის მხარეს შორის ხელშეკრულების არსებობის რეალურობას, რომ შემდგომში Chris Norman-ის კონცერტის მსგავსი ვითარება არ გამეორდეს. თუმცა, Chris Norman-ის შემთხვევა პირველი არ არის – TKT.GE – ზე განთავსებული რამდენიმე კონცერტი, უცხოელ შემსრულებლებზეა საუბარი, აქამდეც გაუქმებულა და ამ შემთხვევებშიც ორგანიზატორებად არაფრისმთქმელი სახელების მქონე კომპანიები გვევლინებოდნენ…
კიდევ უფრო რომ „დავწვრილმანდეთ“, ისიც უნდა ითქვას, რომ TKT.GEსაკუთარ საიტზე, ხშირად დასმული კითხვების კატეგორიაში, კითხვას – შესაძლებელია თუ არა ბილეთის დაბრუნება, პასუხობს – „ბილეთების დაბრუნება / გადაცვლა არ ხორციელდება, მაგრამ ვმუშაობთ ამ საკითხის განვითარებაზე და უახლოეს პერიოდში შეგეძლებათ ბილეთების დაზღვევის გაკეთება“…
რა უნდა თქვა… მაგალითად, საქართველოს რკინიგზა ბილეთს (ცხადია, შესაბამისი საკომისიოს გამოკლებით) იმ შემთხვევაშიც კი იბრუნებს, როცა მატარებელი საწყისი წერტილიდან უკვე გასულია…
რა თქმა უნდა, თანამედროვე ტექნოლოგიური სერვისები ძალიან კარგი და კომფორტული რამ არის, მაგრამ მსგავსი ბიზნესების გნებავთ არსებობა, გნებავთ მუშაობა და გნებავთ განვითარება, მომხმარებლის საუკეთესო ინტერესების ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს. სამწუხაროდ, TKT.GE-ის მაგალითზე პირიქითაა.
P.S. სტატიაში აღწერილი კონკრეტული ისტორიების (მიმოწერების) ამსახველი და დამადასტურებელი კომპიუტერული „სქრინები“ ინახება რედაქციაში“, -აღნიშნულია სტატიაში.

წყარო: bfm.ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები