სამხრეთ კავკასიაში პირველი გერმანელების დასახლებების გაჩენის 200 წლის იუბილეს საერთაშორისო კონფერენცია და გამოფენა მიეძღვნება
14 დეკემბერს, 10:00 საათიდან, საქართველოს ეროვნული მუზეუმში გაიხსნება საერთაშორისო კონფერენცია – „საერთო მემკვიდრეობა კულტურათაშორისი დიალოგისა და განვითარებისათვის” და გამოფენა – „საზღვრებს მიღმა”, რომელიც ეძღვნება სამხრეთ კავკასიის რეგიონში პირველი გერმანელების დასახლებების გაჩენის 200 წლის იუბილეს.
როგორც „კვირას“ ეროვნულ მუზეუმში განუცხადეს, UNESCO-ს გენერალური კონფერენციის 38-ე სესიის გადაწყვეტილებით, ეს საიუბილეო თარიღი შესულია მნიშვნელოვან თარიღთა სიაში, რომლებიც 2016-2017 წლებში აღინიშნება. კონფერენციაში მონაწილეობენ გერმანელი, აზერბაიჯანელი, თურქი და ქართველი სპეციალისტები, ხორციელდება იუნესკოს დაფინანსებით და საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის მხარდაჭერით.
კონფერენციაზე განხილული იქნება გერმანელი კოლონისტების წარსული და სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებული მათი კულტურული მემკვიდრეობა, და ასევე, სამომავლო გეგმები, თუ როგორ შეიძლება, რომ აღნიშნული მემკვიდრეობა გახდეს სოციალური, ეკონომიკური, საგანმანათლებლო და კულტურული განვითარების იმპულსის მიმცემი.
ამ ღონისძიების ფარგლებში, ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში 11:30 საათზე გაიხსნება გამოფენა: „საზღვრებს მიღმა – გერმანელები სამშობლოს ძიებაში ვურტემბერგსა და კავკასიას შორის”. ეს გამოფენა მომზადდა 2016/2017 წლებში კულტურისა და მეცნიერების კავშირის – EuroKaukAsia, ბერლინის სახელმწიფო მუზეუმების პრეისტორიის მუზეუმისა და აღმოსავლეთ ევროპის კულტურის გერმანული ფორუმის თანამშრომლობით, რომელსაც ხელს უწყობს გერმანიის მთავრობის რწმუნებული კულტურისა და მედიის საკითხებში. გამოფენა გერმანიაში მომზადდა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით. ის წარმატებით განხორციელდა გერმანიის რამდენიმე ქალაქსა და აზერბაიჯანში. თბილისში გამოფენა საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის მხარდაჭერით ეწყობა.
კონფერენცია თბილისში ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. 16 დეკემბერს, დაგეგმილია გასვლითი სესია ასურეთსა და ბოლნისში, სადაც კონფერენციის მონაწილეები ეწვევიან ძველ გერმანულ დასახლებებს და ბოლნისის რეგიონულ მუზეუმს, რომლის გახსნაც იგეგმება 2018 წლის გაზაფხულზე.
გამოფენა: „საზღვრებს მიღმა – გერმანელები სამშობლოს ძიებაში ვურტემბერგსა და კავკასიას შორის”
1817-1818 წლებში გერმანელი მიგრანტები, უმეტესად ვურტემბურგიდან, სამხრეთ კავკასიაში ჩამოვიდნენ და 1819 წლამდე 8 კოლონია დააარსეს. ამ მოვლენის 200-წლიან იუბილეს მიეძღვნა 2017 წელს გერმანიის საგარეო სამინისტროს მიერ ინიცირებული გამოფენა.
გამოფენის მთავარი თემებია: ვურტემბერგიდან გადმოსახლების მიზეზები; კავკასიაში დაფუძნება; ცარისტული იმიგრაციის პოლიტიკა; ახალი დასახლებების სტრუქტურების აგებულება სამხრეთ კავკასიის მრავალკულტურულ გარემოში; საზოგადოებრივი, რელიგიური და ეკონომიკური ცხოვრება გერმანულ კოლონიებში; ქალაქური ცხოვრება და საქმიანობა თბილისსა და ბაქოში; პირველი მსოფლიო ომით გამოწვეული ცვლილებები; სამოქალაქო ომი და რევოლუციები; გასაბჭოება და მისი შედეგები გერმანელების სასოფლო და საქალაქო საზოგადოებასა და მეურნეობაზე; დევნა და დეპორტაცია ყაზახეთსა და ციმბირში და მისი დღემდე მოსული შედეგები. სამხრეთ კავკასიაში მრავლადაა შემორჩენილი გერმანულ-კავკასიური ურთიერთობის ისტორიის მატერიალური თუ არამატერიალური ძეგლი, რომელთა მომავლისთვის შენარჩუნება მნიშვნელოვანია. აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ამ მემკვიდრეობაზე ერთობლივმა ზრუნვამ და მისი შესაძლებლობების გამოყენებამ, შესაძლოა, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ევროკავშირის, განსაკუთრებით გერმანიასა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებაში.