მტკვრის ქუჩაზე აღმოჩენილი არქეოლოგიური ობიექტის კონსერვაციის საკითხი მომდევნო კვირაში შემუშავდება

თბილისში, მტკვრის ქუჩაზე აღმოჩენილი არქეოლოგიური ობიექტის სამომავლო კონსერვაციის საკითხს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მომდევნო კვირის განმავლობაში შეიმუშავებს, – ამის შესახებ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს განცხადებას.
საბოლოო გადაწყვეტილებას სააგენტო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მუდმივმოქმედი საბჭოს წევრების შეფასებებისა და დასკვნების საფუძველზე მიიღებს, რომლებმაც მე-19 საუკუნის დროინდელი ისტორიული ნაშთები დღეს გასვლითი სხდომის ფარგლებში უკვე მოინახულეს.
„არქეოლოგების, არქიტექტორ-რესტავრატორებისა და ხელოვნებათმცოდნეებისგან დაკომლექტებული საბჭოს წინასწარი შეფასებით, ინფრასტრუქტურული სამუშაოების დროს გამოვლენილი არქეოლოგიური ობიექტი 2 საუკუნის წინანდელ აგურით ნაშენ წყალშემკრებ საკომუნიკაციო ნაგებობას წარმოადგენს, რომელსაც მე-20 საუკუნის 50-ანი წლებიდან პირველადი დანიშნულების ფუნქცია დაკარგული აქვს. საბჭოთა პერიოდიდანვე მას სამშენებლო სამუშაოების შედეგად მნიშვნელოვანი დაზიანებები აქვს მიღებული. ობიექტს მოშლილი აქვს გუმბათოვანი გადახურვის კონსტრუქცია. ამავდროულად წყალშემკრები ნაგებობა მუდმივად იმყოფება გრუნტის წყლის დატბორვის ზემოქმედების ქვეშ, რაც მისი ღია კონსერვაციით შენარჩუნების პირობებში სათანადო გეოლოგიურ და ინჟინრულ ჩარევას მოითხოვს.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, თბილისის განვითარების ფონდისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ერთობლივი გადაწყვეტილებით, არქეოლოგიური ობიექტის თხრილი, უსაფრთხოების მიზნით, დამცავი ღობით შემოიფარგლება. მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები კი, რომელიც უბნის ცენტრალური საკანალიზაციო მილსადენის რეაბილიტაციას და სავალი გზის კეთილმოწყობას ითვალისწინებს, სააგენტოს არქეოლოგიური სამსახურის ზედამხედველობის ქვეშ წარიმართება.
მტკვრის ქუჩაზე არქეოლოგიური ობიექტი ინფრასტრუქტურული სამუშაოებისას 1 დეკემბერს გამოვლინდა. მშენებელმა კომპანიამ მიმდინარე სამუშაოები კანონმდებლობის თანახმად შეაჩერა და შესაბამისი შეტყობინებით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს აცნობა. 12 დღის განმავლობაში, შესაძლო ფიზიკური დაზიანების თავიდან ასაცილებლად, ობიექტი მუდმივად იმყოფებოდა სააგენტოს არქეოლოგიური სამსახურის ზედამხედველობის ქვეშ. არქეოლოგიური ნაშთების გაწმენდის შედეგად გამოვლენილი ფრაგმენტები ინვენტარიზებულია და დაცულია სააგენტოს არქეოლოგიური სამსახურის ფონდში“, – აღნიშნულია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები