კახა კალაძე: მე ვერ მოვიქცევი ისე, როგორც “ნაციონალური მოძრაობა”

მე დღეს ადამიანს ვერ ვუშვებ სამსახურიდან, ვერც ვნიშნავ, შესაბამისად, ხელშეკრულებით ავიყვანე ის ადამიანები, ვინც მჭირდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მერიაში ბიუროკრატიულ ხარჯებთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

”შესაბამისად, მე კანონმორჩილი ადამიანი ვარ და ვიმოქმედებ კანონის ფარგლებში. მე ვერ მოვიქცევი ისე, როგორც „ნაციონალური მოძრაობა“ რომ მოვიდა ხელისუფლებაში, ერთი ხელის მოსმით ყველა გაყარეს სამსახურებიდან, არავის უკითხავს ვის რა შესაძლებლობა ჰქონდა. რეორგანიზაცია ჩვენი მხრიდან არის გამოცხადებული, ამას აქვს თავისი ვადები. სამი თვის ვადაში აუცილებლად მოხდება თვითონ სტრუქტურის რეფორმა. აუცილებლად იქნება ოპტიმიზაცია, ყველა განათლებულ, პროფესიონალ ადამიანს მიეცემა შესაძლებლობა მომდევნო წლების განმავლობაში ჩვენს გუნდთან ერთად იმუშაოს.

რაც შეეხება ხელშეკრულებებს, რა თქმა უნდა, მე, ერთი ადამიანი ვერ განვახორციელებ იმ პროექტებს და ვერ შევასრულებ იმ დაპირებებს, რომელიც გაჟღერებული იყო წინასაარჩევნოდ.

მე მჭირდება ადამიანები, ვინც ჩემთან ერთად იმუშავებს. მე დღეს ადამიანს ვერ ვუშვებ სამსახურიდან, კანონი არ მაძლევს ამის საფუძველს და ვერც ვნიშნავ. შესაბამისად, ხელშეკრულებით ავიყვანე ის ადამიანები, ვინც მჭირდება“, – განაცხადა კალაძემ.

საკრებულოს ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” წევრ მარიკა დათუკიშვილის განცხადებით, თბილისის მერმა კახა კალაძემ მერიის ადმინისტრაციასა და საქალაქო სამსახურებში შრომითი ხელშეკრულებით კიდევ 25 პირი დაასაქმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები