ისრაელის ელჩი: ვიმედოვნებ სხვა ქვეყნებიც მიბაძავენ ამერიკის მაგალითს

ებრაელი ხალხი არ დაივიწყებს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის უდიდეს გადაწყვეტილებას და ვიმედოვნებ სხვა ქვეყნებიც მიბაძავენ მომავალში ამერიკის მაგალითს, – ამის შესახებ ისრაელის ელჩმა საქართველოში შაბთაი ცურიმ თბილისის დიდ სინაგოგაში ხანუქას დღესასწაულზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ისრაელის ელჩმა ასევე ისაუბრა ხანუქას დღესასწაულზე და აღნიშნა, რომ ეს დღესასწაული სინათლის სიბნელეზე, სიკეთის ბოროტებაზე, თავისუფლების მონობაზე გამარჯვებასთან ასოცირდება.

„ხანუქას ამბავი მეტად საგულისხმოა დღევანდელი მსოფლიოსთვის, სადაც მშვიდობისა და თავისუფლებისთვის მუდმივი ბრძოლა მიმდინარეობს.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებით, ამ უდიდესი ისტორიული კანონზომიერების აღდგენით, წლევანდელი ხანუქა ებრაელი ხალხისთვის მართლაც განსაკუთრებულია.

იერუსალიმი 3000 წლის განმავლობაში იყო ისრაელის დედაქალაქი. 70 წლის წინ აგვისრულდა ლოცვა და მისწრაფება, ჩვენ კვლავ დავაფუძნეთ იერუსალიმი, როგორც ებრაული სახელმწიფოს დედაქალაქი. თუმცა, პრეზიდენტ ტრამპის მამაცი გადაწყვეტილებით ახალ ისტორიულ პროცესს ჩაეყარა საფუძველი, რაც ამერიკის საელჩოს იერუსალიმში გადმოტანისთვის სამზადისს გულისხმობს.

ებრაელი ხალხი არ დაივიწყებს პრეზიდენტ ტრამპის ამ უდიდეს გადაწყვეტილებას და ვიმედოვნებ, სხვა ქვეყნებიც მიბაძავენ მომავალში ამერიკის მაგალითს. მხოლოდ ისტორული რეალობის აღიარებითა და აღდგენითაა შესაძლებელი მშვიდობის დამყარება. ისრაელსა და საქართველოს სურთ მშვიდობა, მსოფლიო ტერორიზმის გარეშე ამისთვის ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი“, – განაცხადა შაბთაი ცურიმ.

თბილისის დიდ სინაგოგაში  ხანუქის დღესასწაულს აღნიშნავენ. ღონისძიებას ესწრებიან  საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, თბილისის მერი, დიპლომატიური კორპუსი, რაბინები და ებრაული თემის წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები