თსუ: კახა ბექაურის დიპლომი გათანაბრებულია მაგისტრის ხარისხთან და სრულად აკმაყოფილებს მაუწყებლობის შესახებ კანონს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცელარიის უფროსი თამარ ვეფხვაძე კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის კახა ბექაურის აკადემიურ ხარისხთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ აცხადებს, რომ 1986-1992 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გაცემული დიპლომი, უპირობოდ, არის მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრებული.

მისი მტკიცებით, რაც შეეხება გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტის დიპლომს, რომელიც სპეციალიზაციაში გულისხმობს ოპტიმიზაციასა და ოპტიმალურ მართვას კომუნიკაციის სფეროში, ის სრულად აკმაყოფილებს მაუწყებლობის შესახებ კანონის მოთხოვნებს და ამ სპეციალობის დიპლომი დღეს გათანაბრებულია კომუნიკაციების და ბიზნესის ადმინისტრირების ხარისხთან.

„1986-1992 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გაცემული დიპლომი, თავისთავად ცხადია, უპირობოდ, არის მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრებული.

საზოგადოებას კარგად მოეხსენება, რომ 2005 წელს, მას შემდეგ, რაც ძალაში შევიდა საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ, ეს საკითხი დარეგულირდა.

იმიტომ, რომ ხუთი წლის ხანგრძლივობის პროგრამის დიპლომი თავისთავად ცხადია, გაუთანაბრდა მაგისტრის აკადემიურ ხარისხს. აღსანიშნავია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტის მიერ გაცემული დიპლომი, რომელიც სპეციალიზაციაში კიდევ გულისხმობს ასეთ ჩანაწერს – ოპტიმიზაცია და ოპტიმალური მართვა, თავისთავად ცხადია, ეს არის კიბერნეტიკა.

კიბერნეტიკა ეს გახლავთ საინფორმაციო, ელექტრონულ საკომუნიკაციო საშუალებებს შორის ინფორმაციის გადაცემის, დაგროვების, შენახვის, ანალიზის შესახებ მეცნიერება. შესაბამისად კიბერნეტიკა სრულად მოიცავს ელექტრონულ კომუნიკაციებს. ასეთი პროგრამის კურსდამთავრებული კომუნიკაციის სფეროში მაგისტრის ხარისხთან გათანაბრებული გახლავთ.

შესაბამისად ამ წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გაცემული დიპლომი სავსებით აკმაყოფილებს მაუწყებლობის შესახებ კანონმდებლობას. მინდა გითხრათ ისიც, რომ 2005 წლის შემდეგ კიდევ იყო მიღებული ერთი ფუძემდებლური დოკუმენტი, ეს გახლავთ ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩო, რომელიც დამტკიცებული გახლავთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ და ამ კვალიფიკაციის ჩარჩოს აღმწერის მიხედვით, ამ ტიპის განათლების აღიარება უკვე გათანაბრებულია დღესდღეობით არსებულ კომუნიკაციების მაგისტრთან, ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრთან და ა.შ”, – განაცხადა თამარ ვეფხვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები