დიდთოვლობის გამო, წალკის 16 სოფელს პრობლემები შეექმნა – მუნიციპალიტეტში საგანგებო თათბირია
დიდთოვლობის გამო, წალკის 16 სოფელს პრობლემები შექმნა. გზებზე გადაადგილება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. შექმნილი მდგომარეობის გამო, ამ წუთებში, წალკის მუნიციპალიტეტში საგანგებო თათბირი მიმდინარეობს.
როგორც „კვირას“ წალკის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ანზორ ხინიკაძემ განუცხადა, მთელი ღამის განმავლობაში თოვდა და საკმაოდ დიდი თოვლი მოვიდა წალკაში.
მისი თქმით, მიუხედავად დიდთოვლობისა, მუნიციპალიტეტში არსებულ სოფლებში სასწავლო პროცესი არ ჩაშლილა.
ანზორ ხინიკაძის ინფორმაციით, ამ დროისათვის წალკა-თბილისის გზა უკვე გაწმენდილია.
თუმცა, მისივე თქმით, ზოგიერთ სოფელში, ქარბუქის გამო, გაწმებდითი სამუშაოები ვერ მიმდინარეობს.
ანზორ ხინიკაძე აცხადებს, რომ წალკის მუნიციპალიტეტის სოფლებს, მიუხედავად დიდთოვლობისა, შუქი და წყალი უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება.
„ამ დროისათვის გაწმენდითი სამუშაოები სოფელ თეჯისში მიმდინარეობს. უკვე გაწმენდილია წალკა-თბილისის მიმართულებით გზის სავალი ნაწილი. თუმცა, ძლიერი ქარბუქის გამო, ტექნიკას გადაადგილება უჭირს და სოფელ ახალშენში სამუშაოები ვერ ხერხდება“ – აცხადებს „კვირასთან“ საუბრისას წალკის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ანზორ ხინიკაძე.