ლევან დავითაშვილი ნიადაგის კვლევის ლაბორატორიაში სამუშაო პროცესს გაეცნო

სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წილკანში, პროფესორ ივანე სარიშვილის სახელობის ნიადაგის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია, სიმბოლურად, ნიადაგის მსოფლიო დღეს დაათვალიერა. მინისტრი ლაბორატორიაში მიმდინარე პროექტებს და სამუშაო პროცესს გაეცნო.

„სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბაზაზე, ლაბორატორიაში ნიადაგის სრულყოფილი კვლევა ხორციელდება. ქვეყანაში ასეთი შესაძლებლობების ლაბორატორიის არსებობა უმნიშვნელოვანესია; ეს არის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა იმისთვის, რომ სწორად წარიმართოს ნიადაგის კვლევა სასოფლო-სამეურნეო წარმოების გაზრდისა და წარმოებული პროდუქციის ხარისხობრივი მაჩვენებლების ევროსტანდარტებთან მიახლოებისთვის“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელის, ლევან უჯმაჯურიძის განცხადებით, აღნიშნული ლაბორატორია არის მრავალფუნქციური, აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით და ფუნქციონირებს მსოფლიოში აპრობირებული მეთოდოლოგიით.

„ჩვენ შეგვიძლია სრულად შევისწავლოთ ნიადაგი, განვსაზღვროთ მისი ნაყოფიერება, ასევე შევაფასოთ მისი დეგრადირების ხარისხი, თუკი ასეთი იარსებებს. აღნიშნული ანალიზის საფუძველზე კი, მოვამზადოთ შესაბამისი ანგარიში, რომელსაც გამოიყენებენ როგორც ფერმერები, ისე ყველა დაინტერესებული მხარე, რათა შევინარჩუნოთ ნიადაგის ნაყოფიერება იმ დონეზე, რაც აუცილებელია სასოფლო-სამეურნეო წარმოებისთვის და მაღალხარისხიანი პროდუქციის მისაღებად“, – განაცხადა ლაბორატორიის ხელმძღვანელმა, გიორგი ღამბაშიძემ.

ნიადაგის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია აღჭურვილია მრავალფუნქციური ხელსაწყოებით, რომელთა გამოყენებითაც მიმდინარეობს ნიადაგების საერთო მდგომარეობის შესწავლა (ინვენტარიზაცია), სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე დაბალნაყოფიერი და დეგრადირებული ნიადაგების (ეროზირებული, დამლაშებული, დაბინძურებული) კვლევა და შეფასება, მათი აღდგენა-გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციების შემუშავება. ნიადაგის კვლევის ლაბორატორია ორიენტირებული სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაზე იქნება და კერძო მომსახურებას არ გასწევს.

აღსანიშნავია, რომ სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია მონაწილეობს რამდენიმე მასშტაბურ პროექტში – ევროკავშირის გაერთიანებული კვლევითი ცენტრის (Joint Research Centre) და გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) „ნიადაგების საერთო მდგომარეობის შესწავლა“, NASA – ს „მიწის დეგრადაციის შესწავლა კავკასიის რეგიონში დისტანციური ზონდირების მეთოდების გამოყენებით“.

ნიადაგის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია გაწევრიანებულია FAO-ს ნიადაგის შესახებ მსოფლიო თანამშრომლობის ინციატივის ფარგლებში დაარსებულ ნიადაგის ლაბორატორიების მსოფლიო ქსელში –  Global Soil Laboratory Network (GLOSOLAN), რომელიც მიზნად ისახავს ნიადაგის ლაბორატორიული კვლევის ხარისხის გაუმჯობესებას, ლაბორატორიების შესაძლებლობების გაძლიერებას, საერთაშორისო სტანდარტების (ISO) შესაბამისი მეთოდების გამოცდას, ახალი მეთოდების შემუშავებას და ვალიდაციას, ლაბორატორიული პერსონალის კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგებში და პროექტებში მონაწილოებას.

სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის გახსნას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები – გიორგი ხანიშვილი, რეზო ასათიანი და იური ნოზაძე, ადგილობრივი ხელისუფლების, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის, გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, აგრარული და ტექნიკური უნივერსიტეტების წარმომადგენლები და პროფესორ ივანე სარიშვილის ოჯახის წევრები დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები