„დაზარალებულთა კვირეულის” ფარგლებში ძალადობის თემაზე შექმნილი არტ-ნამუშევრების კონკურსი გაიმართა

საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით მიმდინარე „დაზარალებულთა კვირეულის“ ფარგლებში, ოჯახში ძალადობის თემაზე შექმნილი არტ-ნამუშევრების კონკურსი გაიმართა.
საქართველოს პროკურატურის მიერ გამოცხადებულ კონკურსში ძალადობის თემაზე სხვადასხვა ასაკის 17 პირის მიერ შექმნილი 22 ნამუშევარი იყო წარმოდგენილი.
„თბილისი მოლში“ გამართულ საკონკურსო ჩვენებაზე წარმოდგენილი არტ-ნამუშევრები საქართველოს მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის თავმჯდომარეობით სპეციალურმა ჟიურიმ შეაფასა, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე, საპროცესო ზედამხედველობის დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი ნათია მერებაშვილი, ამერიკის საელჩოს სამართლებრივი მრჩეველი მაიკლ გრანტი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი ალექსანდრე გრიგალაშვილი და „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენელი ანა არგანაშვილი.
პროკურატურის ცნობით, ოჯახში ძალადობის თემაზე შექმნილი არტ-ნამუშევრების კონკურსზე სამი საუკეთესო ნამუშევარი გამოვლინდა. პირველი ადგილი თეა გუნთაიშვილის ნამუშევარმა – ,,გავექეცი ძალადობას“ დაიკავა, მეორე ადგილი ხათუნა ოქროპირიძის ნამუშევარმა ,,ამოიღე ხმამ“ მოიპოვა, ხოლო მესამე ადგილი ხათუნა სონღულაშვილის ,,ლურჯ ფრინველს “ ერგო წილად. არტ-ნამუშევრების ავტორებს, საქართველოს პროკურატურის სახელით, საჩუქრები გადაეცათ, ხოლო სპეციალური პრიზით ცხრა წლის მონაწილე მარიამ ცინცაძე დასაჩუქრდა, რომელმაც კონკურსზე ნამუშევარი – ,,არ მოკლა დედა“ წარადგინა.
კონკურსში გამარჯვებული ნამუშევრები ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ დაგეგმილი პრევენციული ღონისძიებების ჩატარებისას იქნება გამოყენებული.
ღონისძიებაზე მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორებმა მოქალაქეებს ოჯახში ძალადობის და დაზარალებულთა უფლებების შესახებ, საქართველოს პროკურატურის მიერ გამართული კვირეულის ფარგლებში დამზადებული საინფორმაციო ბროშურები დაურიგეს, რომელშიც დაზარალებულის უფლებების, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის ფუნქციებისა და მათი საკონტაქტო მონაცემების შესახებ ინფორმაციაა მოცემული.
საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 2017 წლის 27 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით, „დაზარალებულთა კვირეული“ გაიმართა. კვირეულის ფარგლებში თბილისში და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვა ღონისძიება განხორციელდა, მათ შორის, გაიმართა საინფორმაციო შეხვედრები სკოლის მოსწავლეებთან, სტუდენტებთან და მოსახლეობასთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები