“ჩემი ორივე მოსწავლე სისხლის გუბეში იწვა” – რა ნახა სკოლის დირექტორის მოადგილემ შემთხვევის ადგილზე

51 -ე საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილისა და პედაგოგების დაკითხვა დღეს გაგრძელდება. როგორც „კვირას“ დირექტორის მოადგილემ, თინათინ ყენიამ განუცხადა, დღეს საგამოძიებო მოქმედებები გაგრძელდება, ის სამართალდამცავების მიერ შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ვიდეოფირებს გამომძიებლებთან ერთად დაათვალიერებს. თინათინ ყენიას ამბობს, რომ სკოლის ადმინისტრაცია გამოძიებას მაქსიმალურად დაეხმარება, რათა დამნაშავის ვინაობა დადგინდეს.

სკოლის დირექტორის მოადგილე გარდაცვლილ ლ.ბ-სა და დაჭრილ დ.ს-ს დადებითად ახასიათებს, ამბობს, რომ ორივე მოსწავლე კარგად სწავლობდა და ისინი კონფლიქტური მოზარდები არ იყვნენ. ორივე მათგანი 51-ე საჯარო სკოლაში დიდი ხანია სწავლობენ. ამავე სკოლაში სწავლობს გარდაცვლილის ძმა, რომელიც მე-9 კლასშია. ამავე კლასის მოსწავლეა, დაჭრილი დ.ს.-ძის დაც. თავად თინათინ ყენია აღნიშნულ სკოლაში უკვე ხუთი წელია, დირექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებს. დაჭრილი მოსწავლის დედა უცხოეთში სამუშაოდ იმყოფება, ხოლო შვილებს ზედმეტად ყურადღებას მამა აქცევდა.

თინათინ ყენია „კვირასთან“ ინტერვიუში გუშინ მომხდარ ფაქტს დეტალურად იხსენებს.

„სასწავლო პროცესი უკვე დასრულებული იყო, დაახლოებით 2 საათი ხდებოდა, აივნიდან ვიყურებოდი, როდესაც სკოლის ეზოში უცხო ბიჭები შევნიშნე. მათ შორიახლოს ჩემი მოსწავლეებიც დავინახე. იქ იდგნენ ლ.ბ-ც და დ.ს.-ც. იქვე იყვნენ სხვადახვა კლასის მოსწავლეების მშობლებიც. აივნიდან თვალყურს ვადევნებდი და ბიჭებს მოუწოდე, რომ სკოლის ეზოში დიდხანს არ გაჩერებულიყვნენ და სახლებში დროულად მისულიყვნენ. ამის შემდეგ, ბიჭებმა ბაქრაძის ქუჩისკენ გაუხვიეს და სკოლის ტერიტორიას განერიდნენ. მე მანდატურის სამსახურის თანამშრომელს ვთხოვე, რომ ბაქრაძის ქუჩა დაეთვალიერებინა. რამდენიმე წუთში, მანდატურმა მითხრა, რომ სკოლის გარე პერიმეტრი და ბაქრაძის ქუჩაც დაათვალიერა, მაგრამ იქ ჩვენი სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეები არ შეუნიშნავს.

აივნიდან ოთახში შემოვედი, მშობლები მელოდებოდნენ, სხდომა უნდა დაგვეწყო, რომ უცებ კივილი ატყდა, „დავიღუპეთო“, სკოლის შენობა დავტოვე და კივილის ხმას გავყევი, ბაქრაძის ქუჩას გავცდი და თარხნიშვილის ქუჩაზე (ხორავას) აღმოვჩნდი. ჩემი ორივე მოსწავლე სისხლის გუბეში იწვა. ლ.დ. სადარბაზოს კიბეზე იყო მისვენებული, სისხლისგან იცლებოდა, ბავშვს ვეფერებოდი, მაგრამ კონტაქტური აღარ იყო. გზის მეორე მხარეს, კორპუსის არკასთან, დ.ს. ძირს ეგდო. რას ვაკეთებდი, აღარ მახსოვს. ვყვიროდი, „ისუნთქე“, შენთან ერთად ვარ, სასწრაფო დროზე – მეთქი, იქ უამრავი ხალხი დამხვდა, მათ სასწრაფოში უკვე დარეკილი ჰქონდათ, მაგრამ სასწარაფო იგვიანებდა. როდესაც ლ.დ. სასწრაფოს მანქანაში შეიყვანეს, ის უკვე გარდაცვლილი იყო. ვცდილობდი დ.ს. მაინც გადამერჩინა, ბავშვს სულ ჩავძახოდი, არ მინდოდა მოდუნებულიყო. ორივე საავადმყოფოში გადაიყვანეს“, – აცხადებს „კვირასთან“ საუბრისას თინათინ ყენია.

სკოლის დირექტორის მოადგილე ადასტურებს, რომ მისი მოსწავლეებს დანით მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს. თინათინ ყენია კატეგორიულად უარყოფს გუშინ გაჟღერებულ ინფორმაციას, რომ თითქოს მანდატურის თანამშრომელმა მოჩხუბარი მოზარდები დააშოშმინა.

„ჩხუბი სკოლის ეზოში არ დაწყებულა, არც სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე. ყველაფერი მოხდა სკოლის შენობის გარეთ, თარხნიშვილის ქუჩაზე“, – ამბობს თინათინ ყენია.

გუშინ მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, 51 -ე საჯარო სკოლის თანამშრომლები და თვითმხილველები დაიკითხნენ. აღსანიშნავია, რომ შემთხვევის დროს, სკოლის დირექტორი მანანა თურქაძე შვებულებაში იყო და ქალაქგარეთ იმყოფებოდა. მომხდარის შესახებ მან თანამშრომლებისგან შეიტყო და თბილისში დაბრუნდა.

51-ე სკოლის მე-11 კლასის დაჭრილ მოსწავლეს გუშინვე ხანგრძლივი ოპერაცია ჩაუტარდა. იგი ამ დრომდე რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. დ.ს.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმე რჩება. მოზარდი ხელოვნურ მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ნაშუადღევს, ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი დანით დაჭრეს, მათგან ერთი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო მეორე საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) დაიწყო. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

იზა შაქარაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები