კორეაში საქართველოში სამოგზაურო ტურისტული პაკეტების გაყიდვა დაიწყო
კორეის რესპუბლიკის წამყვანმა ტურისტულმა კომპანიამ – NAEILTOUR-მა ქვეყნის მასშტაბით საქართველოში სამოგზაურო ტურისტული პაკეტების გაყიდვა ოფიციალურად დაიწყო. კორეელ ტურისტებს კომპანია 5-7 დღიან მარშრუტებს სთავაზობს სიღნაღის, თბილისის, მცხეთის, ყაზბეგის, ბორჯომის და ახალციხის მიმართულებებით.
კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, ზემოხსენებული პაკეტების შემუშავება და მომხმარებლისთვის მათი შეთავაზება საქართველოში გამგზავრების მსურველთა გაზრდილმა რაოდენობამ განაპირობა.
კომპანიის ევროპული მიმართულების განყოფილების მენეჯერი, ბაზრის შესწავლის მიზნით, მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში საქართველოს ეწვია. შესაბამისად, ტურისტული მარშუტები მის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით შედგა. საქართველოს მიმართ კორეული ტურისტული კომპანიების ინტერესის ზრდა, კორეაში საქართველოს საელჩოს აქტიური მუშაობის შედეგია. ის მიზნად საქართველოში კორეელი ტურისტების მოზიდვას ისახავს, რაც, თავის მხრივ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ეკონომიკური დიპლომატიის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.