სავაჭრო ცენტრი „გალერია თბილისი“ გაიხსნა

თავისუფლების მოედანზე სავაჭრო ცენტრი „გალერია თბილისი“ გაიხსნა. ქალაქის რუკაზე ახალი ლოკაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, თბილისის მერმა კახი კალაძემ და საქართველოს თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ბაჩიაშვილმა თბილისის მოსახლეობასთან ერთად მონიშნეს.

გიორგი კვირიკაშვილმა და კახი კალაძემ ისაუბრეს ახალი სავაჭრო ცენტრის გახსნის მნიშვნელობაზე.

„ეს არის ძალიან სასიხარულო დღე, ვინაიდან, ახალი სიცოცხლე, ახალი სუნთქვა შეიძინა ამ უმშვენიერესმა ადგილმა და ჩვენ დღეს გვაქვს უკვე ულტრათანამედროვე ცენტრი „გალერია თბილისი“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

გიორგი ბაჩიაშვილმა მადლობა გადაუხადა პროექტში ჩართულ კომპანიებს, „გალერია თბილისისა“ და საქართველოს თანაინვესტირების ფონდის თანამშრომლებს პროექტის წარმატებულად განხორციელებისთვის.

გახსნის საზეიმო ცერემონია დატვირთული იყო სხვადასხვა სანახაობით, მუსიკალური გაფორმებითა და აქტივობებით. ამ დროისთვის ღიაა სავაჭრო ცენტრში განლაგებული ობიექტების დიდი ნაწილი. დარჩენილი ნაწილი ეტაპობრივად 3 თვის განმავლობაში გაიხსნება.

„გალერია თბილისი“ საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ერთ-ერთი პროექტია ტურიზმისა და უძრავი ქონების მიმართულებით. ფონდმა აღნიშნული პროექტის განხორციელება 2015 წელს დაიწყო. ჯამურმა ინვესტიციამ 97 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. მშენებლობის პროცესში დასაქმდა 2000 ადამიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები