შიო ხეცურიანი კახა შენგელიას მადლობას უხდის
კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი შიო ხეცურიანი კახა შენგელიას მადლობას უხდის.
როგორც შიო ხეცურიანმა, კახა შენგელიასთან ერთად, „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ერთობლივი ბრძოლა წარმატების შანსებს ზრდის.
,,დიდი მადლობა მინდა გადავუხადო კახა შენგელიას ამ გადაწყვეტილებისთვის და მზაობისთვის, რომ ერთად გვებრძოლა იმ უსამართლობის წინააღმდეგ, რაც კალათბურთში ხდება. დღეიდან ჩვენ ერთობლივად ვეცდებით, დავამარცხოთ არსებული ფედერაციის ხელმძღვანელობა და მათი კანდიდატი“,- აღნიშნა შიო ხეცურიანმა.
კახა შენგელიამ კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატის, შიო ხეცურიანის სასარგებლოდ, საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. შესაბამისი განცხადება შენგელიამ, შიო ხეცურიანთან ერთად, „კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები 11 დეკემბერს გაიმართება.