პირთან დაკავშირებით, რომელმაც ტყის კატა მოკლა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი შედგა
საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარე გაცნობებთ, რომ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გავრცელებულ ფოტოსთან დაკავშირებით, სადაც მოქალაქე მოკლულ ტყის კატასთან ერთადაა ასახული, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მყისიერი რეაგირება მოახდინეს. აღნიშნული პირის მიმართ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი შედგა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის ცხოველთა სამყაროს კონტროლის განყოფილების ინსპექტორები დაუკავშირდნენ ფოტოზე ასახულ პირს და ახსნა-განმარტება ჩამოართვეს. მოქალაქის განმარტებით, მან, მონადირე ძაღლის მეშვეობით, ბაზალეთის ტბის მიმდებარედ, ტყეში, მოინადირა ტყის კატა (Felis silvestris) და ამ ამბის ამსახველი ფოტო „ფეისბუქის“ პირად გვერდზე განათავსა.
ნადირობის წესების დარღვევის ფაქტზე, მოქალაქის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი სსკ-ის 86-ე მუხლის მე-12 ნაწილით. გარდა ამისა, დაანგარიშდა ერთი ერთეული ტყის კატის სახეობის ცხოველის უკანონოდ მოპოვებით გარემოსთვის მიყენებული ზიანიც.
მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, სასამართლოს გადაეგზავნება.
