მიხეილ ჯანელიძე – საქართველო იმკვიდრებს ადგილს, როგორც ლიდერი რეგიონში თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობების აღმოჩენის კუთხით

საქართველო იმკვიდრებს ადგილს, როგორც ლიდერი რეგიონში თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობების აღმოჩენის კუთხით, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძე თბილისის “აბრეშუმის გზის ფორუმის” მნიშვნელობაზე საუბრისას განაცხადა.
“ეს არის დიდი წარმატება, რადგანაც ჩვენ წელს გვაქვს კიდევ უფრო მეტი გამოხატული ინტერესი მონაწილე ქვეყნების მხრიდან, გაორმაგებულია მონაწილეთა რაოდენობა წინა ფორუმთან შედარებით. ეს ხაზს უსვამს საქართველოს მზარდ როლს რეგიონში, როგორც სატრანსპორტო, სავაჭრო ლოჯისტიკური ფუნქციის მატარებლის. საქართველო ხელს უწყობს გლობალური პროექტებისა და სტრატეგიული მნიშვნელობის ინიციატივების განვითარებას. საქართველო არის დღეს ლიდერი არა მხოლოდ ევროპული ტრანსფორმაციის მიმართულებით, რაც დადასტურდა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე, არამედ საქართველო იმკვიდრებს ადგილს, როგორც ლიდერი რეგიონში თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობების აღმოჩენის კუთხით. ძალიან ბევრი გამოწვევაა დღეს მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის ევროპის და აზიის კონტინენტებზე. ჩვენი მიზანია, მოვძებნოთ მეტი თანამშრომლობის მექანიზმები, რომელიც ხელს შეუწყობს მშვიდობას, სტაბილურობას, განვითარებას და საქართველო დაიმკვიდრებს თავის ადგილს როგორც მნიშვნელოვანი, სანდო პარტნიორი ამ თანამშრომლობაში”, – განაცხადა ჯანელიძემ. მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკრაინის და მოლდოვის პრემიერ-მინისტრები ესწრებიან ფორუმს.
“ეს კიდევ ერთხელ, ხაზს უსვამს ჩვენს ერთიან მიდგომას ევროპული ინტეგრაციისადმი. ევროპული ინტეგრაცია გულისხმობს არა მხოლოდ პოლიტიკურ, არამედ ინფრასტრუქტურულ, ფიზიკურ ინტეგრაციას და მნიშვნელოვანია, რომ უკრაინა, მოლდოვა და საქართველო ამ შემთხვევაში საერთო მიდგომოთ ხელმძღვანელობენ. დღეს გვაქვს საშუალება, აღმოსავლეთ ევროპა, რომელსაც წარმოადგენს საქართველო, მოლდოვა და უკრაინა და მათი შესაძლებლობები გავაცნოთ როგორც აზიური ქვეყნების წარმომადგენლებს, ასევე ევროპელ და მსოფლიოს მასშტაბით პარტნიორებს, რომლებიც დაინტერესებული არიან ინვესტირებით და თანამშრომლობის გაღრმავებით აღმოსავლეთ ევროპაში”,- განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები