პარლამენტის ნდობის ჯგუფი 10-მდე უწყების ანგარიშს მოისმენს
პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, მომავალ წელს, ნდობის ჯგუფი 10-მდე უწყების ანგარიშს მოისმენს.
მისივე განმარტებით, პარლამენტის ისტორიაში ეს უპრეცედენტოა საპარლამენტო კონტროლის თვალსაზრისით.
“განვსაზღვრეთ სამუშაო გრაფიკი. სავარაუდოდ, გვექნება 10-მდე უწყების ანგარიშის მოსმენა მომავალ წელს, რაც უპრეცედენტოა საქართველოს პარლამენტის ისტორიაში საპარლამენტო კონტროლის თვალსაზრისით. ჩვენ ყველა ვთანხმდებით, რომ საპარლამენტო კონტროლი არ არის მხოლოდ ინსპექტირება, ეს არის ძალიან კარგი საშუალება იმისა, რომ პარლამენტმა, მთავრობასთან ერთად, გაიზიაროს პასუხისმგებლობა განსაკუთრებით თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში. ამასთან, შევეხეთ შინაარსობრივ საკითხებს, ნდობის ჯგუფის უფლებამოსილებების გაზრდის საკითხებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საპარლამენტო კონტროლის თვალსაზრისით”, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.