მერია ზამთრის სეზონისთვის 3500 ტონა ტექნიკურ მარილს შეიძენს

თბილისის მერი კახა კალაძე „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელობას შეხვდა, თანამშრომლებს გაესაუბრა და სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნო.

დედაქალაქის მერმა ზამთრის სეზონისთვის მობილიზებული ტექნიკური მარილი, ნაგავშემკრები კონტეინერები და მანქანები დაათვალიერა. ასევე, იმყოფებოდა საამქროში, სადაც დასუფთავებისთვის განკუთვნილი მანქანების შეკეთება მიმდინარეობს.

შეხვედრაზე ქალაქში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, ზამთრის სეზონისთვის მზადებაზე, დასუფთავებასა და ამ მიმართულებით განსახორციელებელ სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

„დღევანდელი შეხვედრის მთავარი მიზანია, ზამთარს მომზადებული შევხვდეთ. ამისთვის ყველანაირი მზაობა არსებობს. შეძენილია ტექნიკური მარილი და ვფიქრობ, რომ ზამთარში გზების პრობლემა მოგვარებული იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დასუფთავებასთან ერთად, მნიშვნელოვანი ყურადღება ასევე, მშენებლობის, ტრანსპორტისა და გამონაბოლქვის საკითხებს დაეთმობა, რაც საერთო ჯამში, ქალაქში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე დადებითად აისახება.

„სამომავლოდ, დასუფთავებას ძალიან დიდ ყურადღებას მივაქცევთ. იცით, რომ ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რაც კომპლექსურია და მხოლოდ კონკრეტული მიმართულება არ არის. შესაბამისად, მომავალში ტექნიკის შეძენა აუცილებლად დაგვჭირდება, რათა თბილისის ქუჩები სუფთა და მოწესრიგებული იყოს, ხოლო არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა გამოსწორდეს“, – განაცხადა თბილისის მერმა.

„თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელის ლევან ჯღარკავას განცხადებით კი, ზამთრის სეზონისთვის დაახლოებით, 3500 ტონა ტექნიკური მარილია შეძენილი. ასევე, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა.

„ჩვენ შევიძინეთ ტექნიკური მარილი, რომლის შემოტანა ახლაც მიმდინარეობს. დაახლოებით, 3500 ტონა მარილი გვექნება ამ წელს. ასევე, გვაქვს წინა წლის მარაგი. მომზადებული ვართ ტექნიკური საშუალებითაც. ვფიქრობთ, რომ ზამთარს შესაბამისად შევხვდებით“, – აღნიშნა ლევან ჯღარკავამ.

„თბილსერვის ჯგუფთან“ შეხვედრას ასევე, დედაქალაქის მერის მოადგილე მაია ბითაძე ესწრებოდა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები