ცესკომ მერის არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა

ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ, მედიას, თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 21 ოქტომბრის არჩევნების მე-2 ტურის წინასწარი შედეგები გააცნო. თამარ ჟვანიას თქმით, კენჭისყრის პროცესი 20:00 საათზე დასრულდა  და ხმის დათვლის პროცესი დაუყოვნებლივ დაიწყო.

„როგორც კენჭისყრის, ისე ხმის დათვლის პროცედურებმა, ჩაიარა ყველასათვის ხელმისაწვდომ, მშვიდ გარემოში, კანონმდებლობის შესაბამისად. დამკვირვებლებსა და საარჩევნო სუბიექტების უფლებამოსილ წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ თავისუფლად დაკვირვებოდნენ ხმის დათვლის პროცედურებს.

რაც შეეხება წინასწარ შედეგებს, 317 საარჩევნო უბნიდან, ამ დროისთვის, დათვლილია 270 უბნის შედეგი. შემაჯამებელი ოქმები შემოსვლისთანავე დაუყოვნებლივ აიტვირთა ცესკოს შედეგების ვებგვერდზე. ოქმების შემოსვლა დაიწყო საკმაოდ ადრე, – 21:00 საათიდან, იმ მოცემულობიდან გამომდინარე, რომ იყო ერთი ბიულეტენი და მასში მხოლოდ ორი კანდიდატი,  ხმის დათვლის პროცესი სწრაფად წარიმართა. მონაცემების შეყვანა სპეციალურ პროგრამაში ამ წუთებშიც მიმდინარეობს და თითოეული შემაჯამებელი ოქმი ხელმისაწვდომია ვებგვერდზე results.cec.gov.ge“, – განაცხადა თამარ ჟვანიამ.

თვითმმართველი ქალაქ ქუთაისის და თვითმმართველი თემების: ყაზბეგის, ხაშურის, ბორჯომის, ოზურგეთისა და მარტვილის მერების არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები ასეთია:

 

ქუთაისის საარჩევნო ოლქი

№5. გრიგოლ ვაშაძე (საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”) – 13,36%

№41. გიორგი ჭიღვარია („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”) – 86,64%

 

ყაზბეგის საარჩევნო ოლქი

№3. სანდრო ყამარაული (საარჩევნო ბლოკი „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა – დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველო”) – 31,35%

№41. ალექსანდრე ზაგაშვილი („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”) – 68,65%

 

ხაშურის საარჩევნო ოლქი

№41. გიორგი გურასპაშვილი („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”) – 61,31%

№42. რამაზ ნოზაძე (საინიციატივო ჯგუფი) – 38,69%

 

ბორჯომის საარჩევნო ოლქი

№8. ზაზა ჩაჩანიძე („დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”) – 45,58%

№41. ლევან ლიპარტია („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”) – 54,42%

 

ოზურგეთის საარჩევნო ოლქი

№41. ბეგლარ სიორიძე („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”) – 48,85%

№42. კონსტანტინე შარაშენიძე (საინიციატივო ჯგუფი) – 51,15%

 

მარტვილის საარჩევნო ოლქი

№5. მამუკა დანელია (საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”) – 6,96%

№41. ალექსანდრე გრიგალავა („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”) – 93,04 %

 

თამარ ჟვანიამ მედიას, ასევე, გააცნო ინფორმაცია საჩივრების შესახებ:

ძირითადად დაფიქსირდა საჩივრები მცირე პროცედურული ხარვეზების შესახებ და მათი ნაწილი უბნებზევე აღმოიფხვრა. საოლქო საარჩევნო კომისიებში ამ დროისათვის 29 საჩივარია შესული, აქედან ყველაზე მეტი – 12 დაფიქსირდა ბორჯომში, ოზურგეთში – 11, ქუთაისში – 4, ხაშურსა და  მარტვილში თითო-თითო, ხოლო ყაზბეგის საარჩევნო ოლქში საჩივარი არ შესულა.

თამარ ჟვანიას განცხადებით, წინასწარი შედეგები ონლაინ რეჟიმში განახლდება და ყველა ოქმი ეტაპობრივად აიტვირთება ვებგვერდზე. საბოლოო წინასწარი შედეგები კი ხვალ დილით გახდება ცნობილი.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები