ნინო ჩხობაძე: გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გაუქმება დაუშვებელია

გარემოსდაცვითი საკითხების ექსპერტი, ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეები-დედამიწის მეგობრები“, თავმჯდომარე, ნინო ჩხობაძე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გაუქმებას დაუშვებლად მიიჩნევს.
როგორც ჩხობაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მას აქვს ინფორმაცია, რომ აღნიშნული სამინისტროს ფუნქციების სხვადასხვა სტრუქტურებში გადანაწილება იგეგმება.
„ჩვენთვის – გარემოსდამცველებისთვის ყველაზე დიდი პრობლემა იქნება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს აღარ არსებობა, ლიკვიდაცია.
როგორც ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია, მოხდება აღნიშნული სამინისტროს ფუნქციების გადანაწილება სხვადასხვა სტრუქტურებში. ჩვენი აზრით, ამის შედეგად დასუსტდება პოლიტიკა გარემოს დაცვის კუთხით არსებულ მძიმე პრობლემებთან. ჰაერის, წყლის, ნიადაგის დაბინძურება დღეს კიდევ უფრო პრობლემატური საკითხია. მნიშვნელოვანია, რომ 2018 წლიდან იწყება აღსრულება ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებისა, ზუსტად იმ ნაწილისა, რომელსაც ჰქვია გარემოს დაცვა.
ძალიან ნიშანდობლივია ასეთი სტრუქტურის გაუქმება იმ ფონზე, როცა მსოფლიოში, კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით, მხარეთა შეხვედრა მიმდინარეობს.
ამასთან, რეალურად ახლა წყდება საკითხი, როგორ უნდა შეასრულონ ვალდებულებები სახელმწიფოებმა, რომლებიც პარიზის შეთანხმების დროს აიღეს“, – განაცხადა ნინო ჩხობაძემ.
ექსპერტი საქართველოში აკრედიტირებულ საელჩოებს რეაგირებისკენ მოუწოდებს. „ჩვენ მოვუწოდებთ ყველა აკრედიტირებულ საელჩოს, რომ განიხილოს და გულთან ახლოს მიიტანოს ჩვენი პრობლემა, რომელიც დღეს დადგება და ვიმედოვნებ, რომ საბოლოო ჯამში მთავრობა მაინც მიიღებს გონივრულ გადაწყვეტილებას. საკითხზე ვამზადებთ განცხადებას, მოვითხოვთ მთავრობასთან ოფიციალურად შეხვედრას, ვიმედოვნებ, რომ საქართველოს მოსახლეობა მხარს დაგვიჭერს, რადგან კუთხე არ არის დარჩენილი საქართველოში, რომელსაც გარემოსდაცვითი პრობლემები არ აწუხებს“, – აღნიშნა ნინო ჩხობაძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი რამდენიმე წუთში საგანგებო ბრიფინგს გამართავს. გიორგი კვირიკაშვილი მთავრობაში დაგეგმილ სტრუქტურულ და საკადრო ცვლილებებზე ისაუბრებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები