”სამართლიანი არჩევნები“: უბნების გახსნისა და მოწყობის პროცესი მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე წარიმართა

”ადგილობრივი “თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში, საარჩევნო უბნების უმრავლესობაზე უბნის გახსნისა და მოწყობის პროცესი მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე წარიმართა, თუმცა რამდენიმე უბანზე პროცედურული ხასიათის ხარვეზები დაფიქსირდა”, – ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია ”სამართლიანი არჩევნები” ავრცელებს.

მათივე თქმით, ამ დროისთვის, საუბნო კომისიებში 3 საჩივარია წარდგენილი, 2 საჩივარია -საოლქო კომისიებში, ხოლო ჩანაწერთა წიგნში დაფიქსირებულია 1 შენიშვნა. ”სამართლიანმა არჩევნებმა“ უბნის გახსნის პროცესის შესახებ ინფორმაცია ხმების პარალელური დათვლის (PVT) დამკვირვებლის 99.7% -სგან მიიღო. ორგანიზაციის ყველა (100%) დამკვირვებელს უბანზე შესვლისა და შეუზღუდავად დაკვირვების განხორციელების საშუალება მიეცა, რაც სტატისტიკურად პირველი ტურის არჩევნების მონაცემის (99.7%) მსგავსია.

”პირველი ამომრჩევლის მისაღებად 08:00-საათისთვის საარჩევნო უბნების 99.7% იყო მზად. აღნიშნული მაჩვენებელი სტატისტიკურად არ განსხვავდება არჩევნების პირველი ტურის მონაცემისგან (99.3%). ყველა (100%) საარჩევნო უბანზე კომისიის წევრებს შორის ფუნქციები წილისყრით დადგენილი წესით გადანაწილდა, რაც სტატისტიკურად მსგავსია არჩევნების პირველი ტურის მონაცემთან (99.7%). საარჩევნო უბნების 0.9%-ზე უბნის გახსნის პროცესთან დაკავშირებული დარღვევები დაფიქსირდა, რაც სტატისტიკურად მცირედ გაუმჯობესებული მაჩვენებელია არჩევნების პირველი ტურთან შედარებით (2.7%)”, – აღნიშნულია ”სამართლიანი არჩევნების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამ დროისთვის, ”სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა შემდეგი სახის დარღვევები:

კენჭისყრის ფარულობის დარღვევა – N60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქის N44 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა ბიულეტენი კაბინის გარეთ შემოხაზა; N65 მარტვილის საარჩევნო ოლქის N12 უბანზე ამომრჩეველმა ბიულეტენი კაბინის გარეთ, რეგისტრატორის მაგიდაზე შემოხაზა.

მარკირების შემოწმების პროცედურის დარღვევა – N60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქის N29 საარჩევნო უბანზე ნაკადის მომწესრიგებელი მარკირების შემოწმებას კენჭისყრისთვის განკუთვნილი ოთახის გარეთ ახორციელებდა. აღნიშნულის გამო, უბანზე მყოფ დამკვირვებელს არ მიეცა მარკირების შემოწმების პროცედურაზე დაკვირვების შესაძლებლობა. საარჩევნო უბანზე საჩივრის დაწერის შემდეგ, დარღვევა აღმოიფხვრა.

საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოება – N59 ქუთაისის საარჩევნო ოლქის N76 უბანზე გადასატანი ყუთის სიაში ამომრჩევლის ნაცვლად, ოჯახის სხვა წევრი შეიყვანეს. აღნიშნულის შედეგად, ამომრჩეველმა, რომელსაც არ შეეძლო უბანზე მისვლა და ესაჭიროებოდა გადასატანი ყუთით ხმის მიცემა, ვეღარ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა.

არაუფლებამოსილი პირის მიერ კომისიის წევრის ფუნქციების შესრულება – N59 ქუთაისის საარჩევნო ოლქის N124 საარჩევნო უბანზე ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დანიშნული წევრი რეგისტრატორის ფუნქციას ასრულებდა, მიუხედავად იმისა, რომ უფლებამოსილება შეწყვეტილი ჰქონდა, პარტიის მიერ საარჩევნო კომისიებიდან წევრების გამოწვევის გამო.

“სამართლიანი არჩევნები“ ამომრჩევლებს შეახსენებს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად, თან უნდა იქონიონ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, ID ბარათი ან პასპორტი. ”სამართლიანი არჩევნები“ კიდევ ერთხელ მოუწოდებს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს, მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში და თავისუფლად დააფიქსირონ საკუთარი ნება სასურველი კანდიდატის სასარგებლოდ.

“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის მონიტორინგს საქართველოს 6 საარჩევნო ოლქში ახორციელებს. “სამართლიანი არჩევნების“ სადამკვირვებლო მისია შედგება 317 საუბნო, 6 საოლქო საარჩევნო კომისიის დამკვირვებლისა და 6 მობილური ჯგუფისგან. არჩევნების დღეს, ცენტრალურ ოფისში ფუნქციონირებს 8 ოპერატორისა და 6 იურისტისგან დაკომპლექტებული მონაცემთა ანალიზისა და ინციდენტების ცენტრები. მიმდინარე არჩევნებზე “სამართლიანმა არჩევნებმა“ დამკვირვებლები მიავლინა ქუთაისის თვითმმართველი ქალაქის, ასევე, მარტვილის, ოზურგეთის, ხაშურის, ბორჯომის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების ყველა საარჩევნო უბანზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები