“ოფისი გაყიდულია 124 ათას ლარად” – კირკიტაძე სასამართლოში ჩივის

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დავით კირკიტაძე იმ მედიასაშუალებებს, რომლებმაც პარტიის რუსთავის ოფისის გასხვისების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნეს, სასამართლოში უჩივის. მათ შორის კირკიტაძე სარჩელს ამზადებს „პრაიმტაიმის“ წინააღმდეგაც და ამბობს, რომ გავრცელებული ინფორმაციით მისი პატივი და ღირსება შეილახა.

გარდა ამისა, კირკიტაძის თქმით, ის მიმართავს პროკურატურასაც, რათა დაიწყოს გამოძიება გადასახადების დამალვის ფაქტზე, თუმცა უნდა აღნიშნოს, რომ სტატიაში გადასახადების დამალვაზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა.

რესპონდენტი, რომელიც „პრაიმტაიმს“ დაუკავშირდა აცხადებს, რომ იგი გახლდათ შუამავალი დავით კირკიტაძესა და კომპანია „აჰლი ბეითსის“ ხელმძღვანელ ნამიგ გუსეინოვს შორის, რომელმაც მისივე თქმით, რუსთავში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი 100 ათას დოლარად იყიდა.

„რუსთავში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი სპორტის ქუჩაზე მდებარეობს. არჩევებამდე ეს ოფისი პარტიამ აზერბაიჯანულ ორგანიზაციაზე გაყიდა 100 ათას დოლარად. ოფისი იყიდა ორგანიზაცია „აჰლი ბეითის“ ხელმძღვანელმა ნამიგ გუსეინოვმა. ამ გარიგებაში ვმონაწილეობდი, გარკვეული თანხა უნდა შემხვედროდა. როცა თანხა მიიტანეს, კირკიტაძემ მითხრა , რომ არ მეთქვა ოფისი 100 ათას დოლარად რომ გაიყიდა… გარიგება წარმატებით, რომ დასრულდა თანხას ველოდებოდი, მაგრამ გადამაგდეს. უფრო მეტიც, დამემუქრა, ამ თემაზე არსად მელაპარაკა და არ მეთქვა, კონკრეტულად რამდენად გაიყიდა ოფისი. ესე გამწარებული დამტოვა“.

„პრაიმტაიმმა“ ეს ინფორმაცია პირადად დავით კირკიტაძესთან გადაამოწმა, რომელმაც მსგავს მოლაპარაკებებში მონაწილეობაც უარყო და ვერც ის გაიხსენა, კონკრეტულად რა თანხა იქნა გადახდილი პარტიის ოფისში.

დავით კირკიტაძე, „ნაციონალური მოძრაობა“:

– ვადასტურებ, რომ ოფისი ნამდვილად გაყიდა „ნაციონალურმა მოძრაობამ“. ეს მოხდა წინასაარჩევნო კამპანიის დროს.

-რამდენად გაიყიდა, თუ საიდუმლო არ არის?

-თანხა საიდუმლო არ არის, ის ასახულია პარტიის ბუღალტერიაში. არ მინდა არაზუსტი ინფორმაცია მოგაწოდოთ, ამიტომ ვერ დავკონკრეტდები.

-ჩვენ დაგვიკავშირდა შუამავალი, რომელიც ამბობს, რომ ამ გარიგებიდან მას უნდა შეხვედროდა გარკვეული თანხა, მაგრამ თქვენ ეს თანხა არ მიეცით და დაემუქრეთ, რომ არსად ეთქვა, რეალურად რამდენად გაიყიდა ოფისი… ასეა?

-მე პირადად არავის არ შევხედრილვარ და არც რაიმე მოლაპარაკება მიწარმოებია. ეს იყო პარტიის ქონება და თანხა გადაერიცხა პარტიას. სხვა დეტალების შესახებ საქმის კურსში არ ვარ. ეს თანხა არ არის გასაიდუმლოებული, ფული მთლიანად შესულია პარტიის საარჩევნო ბიუჯეტში.

„პრაიმტაიმმა“ დავით კირკიტაძის ეს ინტერვიუ უცვლელად გამოაქვეყნა, თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მასალა მისი პატივისა და ღირსების შემლახველად მიიჩნია, რის გამოც, მისივე თქმით, სასამართლოში სარჩელის შეტანა გადაწყვიტა. აქვე გთავაზობთ მის დამატებით განმარტებებს იმაზე, თუ რის საფუძველზე უჩივის ჟურნალისტებს.

დავით კირკიტაძე, „ნაციონალური მოძრაობა“:

-მსგავსი ფაქტი, რაზეც სტატიაშია საუბარი საერთოდ არ მომხდარა. აუცილებლად მივმართავ პროკურატურასაც, რადგან ეს ადამიანი – თქვენი რესპონდენტი კონკრეტულ დანაშაულებებში მდებს ბრალს და ეს არ უნდა დარჩეს გამოუძიებელი.

-რაში გამოიხატება დანაშაული, რას გულისხმობთ?

-თქვენთან ინტერვიუში ამ ადამიანმა ისაუბრა, რომ თითქოს მე მას შევხდი, მქონდა მოლაპარაკება, რაღაცას შევპირდი და თითქოს დავემუქრა… თუ ეს ასეა პროკურატურამ უნდა აღძრას საქმე, რადგან მუქარაც სისხლის სამართლის დანაშაულია და გადასახადების დამალვაც.

-გადასახადების დამალვაში რას გულისხმობთ, მას ამაზე არაფერი უთქვამს?

-ეს ოფისი რამდენადაც გაიყიდა ასახულია პარტიის ბიუჯეტშიც, აუდიტის სამსახურში გადაგზავნილ ინფორმაციებშიც. არანაირი 100 ათასი დოლარი მასში არ ყოფილა გადახდილი, ეს არის ჩემი პატივისა და ღირსების შემლახავი ინფორმაცია, რის გამოც მივმართე სასამართლოს.

– როდესაც გესაუბრეთ, მაშინ კონკრეტული თანხა არ დაგვისახელეთ და თქვით, რომ ზუსტი თანხა არ იცოდით… იქნებ ახლა გვითხრათ რა თანხაზეა საუბარი, თუკი ეს არ არის 100 ათასი დოლარი…

-ეს ოფისი გაყიდულია 124 ათას ლარად და თანხა მთლიანად ჩარიცხულია „ნაციონალური მოძრაობის“ საბანკო ანგარიშზე. გარდა ამისა, არც თქვენს რესპონდენტთან და არც სხვა რომელიმე ადამიანთან მსგავსი საუბარი საერთოდ არ მქონია. ეს არის ცილისწამება.

წყარო:primetime.ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები