განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრები ილია ჭავჭავაძის მშობლიურ გიმნაზიაში მის საიუბილეო ღონისძიებას დაესწრნენ

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში და კომიტეტის წევრები სალომე ზურაბიშვილი და სიმონ ნოზაძე  პირველ კლასიკურ გიმნაზიაში ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილისადმი მიძღვნილი გამოფენის გახსნას დაესწრნენ. პარლამენტის წევრებმა სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს და ხაზი გაუსვეს ილია ჭავჭავაძის როლს საქართველოს პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

ღონისძიებას საგანგებო სტუმრის სტატუსით უკრაინის ვიცე-პრემიერი პაველ როზენკო ესწრებოდა, რომელმაც პირველ გიმნაზიას საჩუქარი გადასცა. უკრაინის მთავრობამ სკოლას უკრაინის პირველი პრეზიდენტის მიხეილ გრუშევსკის პორტრეტი გადასცა, რომელიც 1880-1886 წლებში სწორედ პირველ გიმნაზიაში სწავლობდა.

„პირველი გიმნაზიის, ჩემ დროს პირველი საშუალო სკოლის მოსწავლეებისთვის, განსაკუთრებით ემოციურია დღევანდელი დღე. მართლაც განსაკუთრებულია ის ისტორია, რომელიც გვაკავშირებს ილიასთან. განსაკუთრებულია არამხოლოდ ილიას ნაკვალევზე სიარულის შეგრძნება, არამედ ის პასუხისმგებლობა, რომ ამ გზაზე მართებულად იარო. უდიდესი მოღვაწის შემოქმედების შეფასება ძალიან რთულია. აბსულუტურად ყველა ასპარეზზე – პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, მწერლობის და პოეზიის დარგში ილია იყო უნიკალური გენია, მაგრამ განათლების კუთხით, როგორც ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი განმანათლებელი საქართველოს ისტორიისთვის, საყურადღებო რამდენიმე ფრაზა დაგვიტოვა, რომლებიც ვფიქრობ საინტერესოა, რომ გავიხსენოთ.

ილია, ამბობდა, რომ „ქართველი ერი ყოველთვის მისდევდა განათლებასა და სწავლას” და დღემდე საბედნიეროდ ეს ტრადიცია ურყევი რჩება. მაგრამ, ამასთანავე, ილია წერდა – „მოგვეცით მართალი სკოლა, ქართველის სულის და გულის ამამაღლებელი”. დღეს როგორც არასდროს, გლობალიზაციის ეპოქაში უნდა ვეძიოთ ბალანსი ეროვნულ და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებში. დაბოლოს, განათლების სისტემის პროგრესულობასა და თავისუფლებაზე, წერდა: „ნიჭს ზრდა, წვრთნა, გახსნა და გაშლა უნდა”. განათლების რეფორმის დაგეგმვის პროცესში ილიას მოსაზრებები დღესაც არ კარგავს აქტუალობას”.

ღონისძიების დასასრულს, გიმნაზიის ხელმძღვანელობის ინიციატივით, გიმნაზიელთა საზოგადოება ჩამოყალიბდა, რომელიც პირველი კლასიკური გიმნაზიის კურსდამთავრებულებს გააერთიანებს. მარიამ ჯაშის განცხადებით, პირველი კლასიკური გიმნაზია ყოველთვის პროგრესისა და თანამედროვე აზრის კერა იყო.

„გილოცავთ ამ არაჩვეულებრივ იდეას, დარწმუნებული ვარ ათიათასობით კურსდამთავრებული, ჩვენი მეგობრები და კოლეგები შემოგვიერთდებიან. აქვე მადლობას ვუხდი უკრაინის მთავრობას, პირველი მნიშნელოვანი საჩუქრისთვის ამ საზოგადოებაში”, – აღნიშნა მარიამ ჯაშმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები