გიორგი მარგველაშვილი ოფიციალური ვიზიტით პოლონეთს ეწვევა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ოფიციალური ვიზიტით პოლონეთის რესპუბლიკას ეწვევა. ვიზიტი ვარშავაში 7-9 ნოემბერს შედგება.

საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება, რის შემდეგაც საქართველოს პრეზიდენტისა და ანდჟეი დუდას პირისპირ საუბარი გაიმართება.

პრეზიდენტები ასევე გამართავენ შეხვედრას სახელმწიფო დელეგაციებთან ერთად – გაფართოებული შემადგენლობით და ქართველი და უცხოური მედიის წინაშე განცხადებებს გააკეთებენ.

საქართველოს პრეზიდენტი ვიზიტის ფარგლებში პოლონეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ბეატა შიდლოს, პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის მარშალ მარეკ კუხჩინსკის, პოლონეთის რესპუბლიკის სენატის მარშალ სტანისლავ კარჩევსკის შეხვდება.

9 ნოემბერს გიორგი მარგველაშვილი ვარშავის უსაფრთხოების ფორუმში მონაწილეობას მიიღებს.

დაბა პიასეჩნოში საქართველოს  პრეზიდენტი “ქართულ სახლს” – პოლონეთის არმიის ქართველ ოფიცერთა სახლმუზეუმს ეწვევა და სიმბოლურად, საქართველოდან ჩატანილ ხეს დარგავს.

საქართველოს სახელმწიფო დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე, პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე, პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებათა საკითხებში კახა კოჟორიძე, საქართველოს ელჩი პოლონეთში ილია დარჩიაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები