ევროსაბჭოში ტორბიორნ იაგლანდის მე-16 კონსოლიდირებული ანგარიშს – “კონფლიქტი საქართველოში” განიხილავენ

ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1299-ე სხდომაზე ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ტორბიორნ იაგლანდის მე-16 კონსოლიდირებული ანგარიში – “კონფლიქტი საქართველოში” განიხილება. ანგარიში 2017 წლის აპრილიდან 2017 წლის სექტემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. ანგარიშის განხილვაში მონაწილეობას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი მიიღებს.

მე-16 კონსოლიდირებულ ანგარიშში გენერალური მდივანი ყურადღებას ამახვილებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ რთულ ვითარებაზე.  აგრეთვე ეთნიკური ქართველებისთვის უფლებების შეზღუდვაზე მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვის შემდეგ აფხაზეთის რეგიონში შექმნილ მძიმე ვითარებაზე. ანგარიშში ხაზი გაესვა ისეთ საკითხებს, როგორიცაა სოფელ ერედვში ქართველთა კუთვნილი სახლების განადგურების ფაქტები, გამშვები პუნქტების დახურვა, ე.წ. ბორდერიზაცია, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა, ეთნიკური ნიშნით შევიწროვება და სხვა სახის პრობლემები.

კონსოლიდირებული ანგარიშის წარდგენისას, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტს სიტყვით მიმართავს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე,  დავით ზალკალიანი. თავის გამოსვლაში მინისტრის პირველი მოადგილე ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობასა და ბოლო პერიოდში რუსეთის საოკუპაციო ძალის მიერ განხორციელებულ უკანონო ქმედებებზე.

კონსოლიდირებული ანგარიში წელიწადში ორჯერ ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მიერ  მზადდება და მიზნად საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების ასახვას ისახავს.  კონსოლიდირებული ანგარიშის მომზადების მიზნით, წელიწადში ორჯერ, გაზაფხულსა და შემოდგომაზე ხორციელდება ევროპის საბჭოს სამდივნოს დელეგაციის ვიზიტი საქართველოში, რომლებიც სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებთან მართავენ შეხვედრებს.  გენერალური მდივნის ანგარიშს საფუძვლად უდევს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 2010 წლის გადაწყვეტილება.

ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე შეხვედრებს გამართავს ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან, ტორბიორნ იაგლანდთან და ევროკავშირის ქვეყნების მუდმივ წარმომადგენლებთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები